მარიამ ქვრივიშვილი ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს ოპტიმიზაციის კუთხით და ყველა საწარმოსა და სსიპში ხდება მიმდინარე პროექტების და შესყიდვების, ისევე როგორც საკადრო პოლიტიკის სრულად გადახედვა.
მინისტრის განცხადებით, ეს არის პრემიერ-მინისტრის დავალების შესრულების პირველი ეტაპი. ამასთან, მარიამ ქვრივიშვილი ხაზს უსვამს, რომ ოპტიმიზაციის პროცესი პროექტების შეჩერების ხარჯზე არ ხდება.
„აღნიშნული ოპტიმიზაციის შედეგად ხელშესახები თანხა, 700 მლნ ლარია დაზოგილი. რისგან შედგება ეს თანხა: პირველ რიგში, ეს არის საკმაოდ დიდი ნაწილი უშუალოდ მიმდინარე პროექტების შესყიდვების ღირებულების შემცირების და ეს არ მოხდა პროექტების შეჩერების ხარჯზე. ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეულ პროექტებში საკმაოდ დიდი რესურსი იყო - იგივე სერვისი, იგივე ხარისხით და იგივე პროდუქტი მიგვეღო, თუმცა, ბიუჯეტის დაზოგვის ხარჯზე. მეორე მხრივ, ეს იყო რელევატური პროექტების დიფერენციაცია არარელევანტური პროექტებისგან. და მესამე - საკადრო პოლიტიკა იმისთვის, რომ უზრუნველყოთ, გვყავდეს უფრო მეტი ეფექტიანი თანამშრომელი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილი ინფორმაციით, ოპტიმიზაციის პირველი ეტაპი დასრულებულია და ამჟამად მუშაობა მეორე ეტაპის ოპტიმიზაციის მიმართულებით იწყება. რაც შეეხება ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილ 700 მლნ ლარს - მინისტრის ინფორმაციით, ეს თანხა ეფექტიანობის ამაღლებას, ასევე სწორი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას მოხმარდება.
„როგორ წარვმართავთ დაზოგილ თანხას - ეს ძირითადად, უფრო მეტად ეხებოდა რკინიგზას და ენერგეტიკის სექტორებს. ეს ორი ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, სადაც უამრავი გამოწვევაა და ჩვენს ახალ გუნდთან ერთად - სამინისტროში ბევრი საკადრო ცვლილებაც გვქონდა - უზრუნველვყოფთ, რომ აღნიშნული თანხები სწორი მიმართულებითა და ხედვით მიიმართოს მეტი ეფექტიანობისთვის, უფრო სწორი პროექტების და პროგრამების განხორციელებაში. ეს, პირველ რიგში უზრუნველყოფს სექტორების გაძლიერებას, მაგრამ ამავდროულად უზრუნველყოფს უშუალოდ კერძო სექტორის მხარდაჭერას იმისთვის, რომ სახელმწიფომ და კერძო სექტორმა ეფექტურად განაგრძოს აღნიშნული სექტორების განვითარება“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს