ეკონომისტი პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, რომ თუ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის წონასწორობის შენარჩუნება ვერ შეძლო, ნავთობის გაძვირება და ლარის გაუფასურება ფასებზე მნიშვნელოვნად აისახება.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას პაატა ბაირახტარი აღნიშნავს, რომ ნავთობის გაძვირებას ადგილობრივი კომპანიები ფასებზე აუცილებლად ასახავენ.
„სამწუხაროდ, ფასების მატების მიმართულებით დამამშვიდებელს ვერაფერს ვიტყვი. 2022 წლის შემდეგ ნავთობის ფასი პირველად გადასცდა 100 დოლარიან მაჩვენებელს. 6 თვიან ჭრილში თუ შევხედავთ გლობალურ ბაზრებს, დაახლოებით 48%-იანი მატებაა ნავთობზე, რასაც ადგილობრივი კომპანიები რა თქმა უნდა, ფასზე ასახავენ, რაც საბოლოო ჯამში, სამომხმარებლო ფასში აისახება.
ერთადერთი, რისი იმედიც შეგვიძლია, გვქონდეს, თუ მოახერხებს ეროვნული ბანკი პროცესის მართვას და ლარის კურსი წონასწორობის ნიშნულზე შენარჩუნდება, შესაძლებელია შოკი მეტ-ნაკლებად განეიტრალდეს და დარჩეს მხოლოდ გლობალური ბაზრებიდან ნავთობის გაძვირებით წამოსული შოკი. თუ ამას ეროვნული ვალუტის მერყეობაც დაემატა, რა თქმა უნდა, შოკი ორმაგი იქნება და ფასების საერთო დონეზე, სამწუხაროდ, მნიშვნელოვნად აისახება“, - აცხადებს პაატა ბაირახტარი.