მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, განახლებული პროგნოზი საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე წლის განმავლობაში არსებულ დადებით ტენდენციებს ასახავს.

„მანამდე, ივნისში იყო წინასწარი პროგნოზი გამოქვეყნებული, რომელიც შეადგენდა 5%-ს და ეს პროგნოზი არის გაზრდილი 2 პროცენტული პუნქტით, 5%-დან 7%-მდე, რაც ასახავს იმ დადებით ტენდენციებს, რომელიც არის საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე წლის განმავლობაში.

ეს პროგნოზი 2.6-ჯერ აღემატება ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო ბანკის პროგნოზის თანახმად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, 2026-2027-2028 წლებში, საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მთლიანად ევროპის ქვეყნებს შორის. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ამ ტენდენციის შენარჩუნება“, - განაცხადა პრემიერმა.