სისტემას ზაფხულში ჭარბი ენერგია აქვს, ზამთარში კი დეფიციტი – ნათქვამია Galt&Taggart–ის ანგარიშში „ზაფხულში სიჭარბე, ზამთარში დეფიციტი: რა უნდა მოგვცეს ახალმა აუქციონმა?“

„2026 წლის მაის-ივლისში სადგურებს გამომუშავება პირველად მასშტაბურად შეეზღუდათ: შეზღუდვამ 0.5 ტვტ.სთ შეადგინა, რაც, ჩვენი შეფასებით, 67 მლნ ლარამდე მიუღებელ შემოსავალს ნიშნავს. ამავე დროს, 9 თვის მიწოდების 25.8% იმპორტმა და თბოსადგურებმა დაფარა. ჩვენი შეფასებით, თუ ყველა დაგეგმილი პროექტი აშენდება, 2030 წლისთვის შეზღუდვა თითქმის ოთხჯერ გაიზრდება ოპტიმისტური სცენარით (+4.0 გვტ სიმძლავრე 2032 წლისთვის).

ტექნოლოგიები ზამთრის დეფიციტს განსხვავებულად ამცირებს. ამას ორი ფაქტორი განსაზღვრავს. პირველი სეზონურობაა. სექტემბერ-აპრილში ქარი წლიური გამომუშავების 67%-ს იძლევა, წყალსაცავიანი ჰესი 66%-ს, მზე 60%- ს, მოდინებაზე ჰესი კი 59%-ს. მეორე დღიური ცვალებადობაა:

• წყალსაცავიანი ჰესი ყველაზე მართვადია და სიმძლავრისა და სიხშირის რეგულირებაში ეხმარება სისტემას.

• ქარის სადგურების გამომუშავება საათობრივად იცვლება, თუმცა ზამთარში სტაბილურია.

• მოდინებაზე ჰესი დღის განმავლობაში სტაბილურად მუშაობს და სისტემას ინერციას აწვდის, მაგრამ მეტს გაზაფხულ-ზაფხულში გამოიმუშავებს.

• მზის სადგური მხოლოდ შუადღის საათებში მუშაობს და ყველაზე ცვალებადია, რაც ქსელს დამატებით გამოწვევებს უქმნის. დღეს მას საქართველოში ყველაზე ხელსაყრელი პირობები აქვს, თუმცა სისტემისთვის სარგებლით ბოლო ადგილზეა.

ამიტომ მიზანშეწონილია, რომ შემდგომ სიმძლავრის აუქციონზე პრიორიტეტი ამ რიგით განისაზღვროს: წყალსაცავიანი ჰესი, ქარი, მოდინებაზე ჰესი და ბოლოს მზე“ – ნათქვამია ანგარიშში.