თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით შექმნილი მიწის ფონდის შესახებ მონაცემები მაღალ სანდოობას უზრუნველყოფს, რაც ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს, ქვეყნის მიწის რესურსების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეს.
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი მიშელაძის განცხადებით, ნებისმიერი საქმიანობა მიწას ეფუძნება. პირველ რიგში, ეს სახელმწიფოსთვის არის მნიშვნელოვანი, რათა იცოდეს, რა რესურსი აქვს და ამის მიხედვით დაგეგმოს სახელმწიფო პროგრამები.
„შეიძლება სახელმწიფომ მიზნად დაისახოს გარკვეული პროგრამის განხორციელება, მაგრამ რეალურად იმ დარგში შესაძლებლობა არ აღმოჩნდეს. მაგალითად, დასავლეთ საქართველოში შეიძლება მეტი მიწის დამუშავების სურვილი გაჩნდეს და პროგრამები დაფინანსდეს, მაგრამ რეალურად იქ იყოს დაჭაობებული ადგილები, რომლებიც დაშრობას მოითხოვს. ზუსტი მონაცემის გარეშე შეიძლება სახელმწიფომ ფერმერებს შესთავაზოს ისეთი პროგრამა, რომლის განხორციელება შეუძლებელია. ამიტომ, მონაცემთა ბაზა საშუალებას იძლევა, როგორც სახელმწიფომ, ისე კერძო სექტორმა სწორად დაგეგმოს მომავალი საქმიანობა“ - განაცხადა მიშელაძემ.
მან აღნიშნა, რომ მონაცემთა ბაზა ფასდაუდებელია სამეცნიერო წრეებისთვის. ყოველწლიური დაკვირვება საშუალებას იძლევა დინამიკაში დავინახოთ, სად მოხდა მიწების გატყევება ან პირიქით, სად დაბრუნდა ათვისებული მიწა სასოფლო-სამეურნეო ბრუნვაში.
მიწის მონაცემთა ერთიანი ბაზა სახელმწიფოს აძლევს საშუალებას, ზუსტად დაგეგმოს პროგრამები და სწორად მართოს არსებული რესურსი, ხოლო ბიზნესსა და ფერმერებს ეხმარება, თავიდან აიცილონ არასწორი ინვესტიციები და რისკები.
მონაცემები საჯაროა და ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე https://land.gov.ge/Ge/Services/Database
ხოლო საქართველოს მიწათსარგებლობისა და მიწათდაფარულობის ინტერაქტიული რუკა განთავსებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გეოგრაფიულ საინფორმაციო პორტალზე https://portal.mepa.gov.ge/Ge/user/map/34
ინფორმაციას მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო