"პურის გაძვირებაზე საუბარი არ არის, ძირითადი აქცენტი ხარისხზეა. ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს, იყო არასწორი," - ასე აფასებს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე, ფქვილის იმპორტზე დაწესებულ დაბალანსებულ გადასახადს, რომლის გადახედვასაც სექტორი ითხოვს.
“ჩვენ ხორბალი და ფქვილი ძირითადად შემოგვაქვს, ანუ დამოკიდებული ვართ. ამ დროს დამატებითი შეზღუდვები არასწორია. მეწარმეს როგორც ფასში, ისე ხარისხში უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება - ამ დარგში 60 წელია ვმუშაობ და შემიძლია ვთქვა, რომ უნდა იყოს უფრო ხელსაყრელი პირობები, ფქვილის მწარმოებლებისთვის და პურის მრეწველებისთვის.
ქართულ ხორბალს არაჩვეულებრივი ენდემური ჯიშები აქვს, თუმცა დღეს წარმოებული ხორბალი არ პასუხობდა იმ მოთხოვნებს, რაც უნდა იყოს. არის ასევე ყაზახური და რუსული ხორბალიც, რომელიც უფრო ხარისხიანია, თუმცა გააჩნია, არჩევა უნდა. ვთვლი, რომ უნდა მქონდეს არჩევანის საშუალება. ხშირად გვაქვს პრეტენზია ქართული ხორბლის ტენიანობაზე და ფერზე. ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას, შესაბამისად იყოს არჩევანის თავისუფლება, დარგს ხელი უნდა შევუწყოთ და არ უნდა ჩავსვათ ჩარჩოებში.” - განაცხადა მალხაზ დოლიძემ "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში.
მისივე თქმით, მომხმარებლის წინაშე არის პურის მწარმოებელი და არა ფქვილის მწარმოებელი, შესაბამისად მისთვის მნიშვნელოვანია პურის ფასი.
შეგახსენებთ, რომ პურის ინდუსტრია მთავრობას ფქვილის იმპორტზე დაწესებული დაბალანსებული გადასახადის გადახედვას სთხოვს. მეპურეები ამბობენ, რომ მოქმედი გადასახადი მნიშვნელოვნად ზღუდავს რუსული ფქვილის ხელმისაწვდომობას, რის გამოც ადგილობრივი მწარმოებლები იძულებულნი არიან იყიდონ მხოლოდ შიდა ბაზარზე წარმოებული ფქვილი, რომელიც მათი შეფასებით, არაა ხარისხიანი.