„ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია და ეს არის უმთავრესი, უმნიშვნელოვანესი საწყისი, რამაც, მათ შორის, უზრუნველყო საქართველოში ინვესტიციების ზრდა და უშუალოდ ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. სწორედ ამ ღირებულებებიდან გამომდინარე, ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდებით თითოეულ იმ მიმართულებას და იმ საკითხს, რომელიც დიდი ზრუნვის საგანია ჩვენი ხელისუფლებისთვის, რადგან, ერთი მხრივ, სექტორის განვითარებასთან ერთად, რომლის უდიდესი ინტერესიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია, ასევე გვმართებს სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის მიმართ და ამ სწორი ბალანსის დაცვას ემსახურება ის პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის შეფასებით, პროცესში, რომელიც არის საკმაოდ გამჭვირვალე, უპირველესად მოხდა გარკვეული პრობლემის ლუსტრაცია და ყველა მხარე ადასტურებს, რომ ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან აწუხებს მოსახლეობას.
„სახელმწიფომ თქვა, რომ ამ საკითხზე ვიწყებთ ზრუნვას და მიუხედავად იმისა, რომ ეს არის საკმაოდ რთული, კომპლექსური პროცესი, ჩვენ ამის არ შეგვეშინდა. პირველი, რაც პრემიერ-მინისტრის დავალებით გავაკეთეთ, იყო სიღრმისეული კვლევა - ფაქტობრივად გაანალიზდა თითოეული რგოლი მიწოდების ჯაჭვში და ამის შედეგად დაიდენტიფიცირდა გარემო ფაქტორები, რომელიც იწვევს ფასების ზრდას“ - აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, კვლევამ გაასაჯაროვა ის ძირითადი მიგნებები, რომელიც გულისხმობს საზღვრიდან დახლამდე 86%-იან ფასნამატს. მინისტრის თქმით, აქ არის არაერთი რგოლი და კონკრეტული პუნქტები, რომლებიც შეხვედრებზეც და საჯაროდაც იყო ნახსენები -
9 გადასახადი, რომელსაც, მათ შორის, ქსელური მარკეტები აწესებენ მიმწოდებლებისთვის, ისევე როგორც დისტრიბუტორებისთვის და ეს, თავის მხრივ, პირდაპირ აისახება საფასო პოლიტიკაზე.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორი რამ: პირველ რიგში, ნებისმიერმა ბიზნესმა ქვეყანაში უნდა განაგრძოს თავისუფლად ბიზნესის კეთება და, რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი მოტივაციაა, ბიზნესი იყოს მომგებიანი იმისთვის რომ განაგრძოს ზრდა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ იდენტურ პროდუქციაზე შევხედავთ ევროპის ფასებს, საქართველოში, ხშირ შემთხვევაში, 30-40%-იანი და შეიძლება, 60%-იანი ფასთა შორის სხვაობაც იყოს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს არ არის მარტივი პროცესი, რადგან გასათვალისწინებელია ძალიან ბევრი ფაქტორი, მათ შორის ბიზნესის ფაქტორები, ისევე როგორც სხვა პროცედურული და ტექნიკური საკითხები იმისთვის, რომ გზა, რომელსაც სახელმწიფო კერძო სექტორთან ერთად აირჩევს, იყოს მდგრადი პროცესი და არა მოკლევადიანად მიღებული შედეგი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ეფექტის მომცემი არ იქნება.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს