ქართულ მევენახეობასა და ღვინის კულტურაზე სიუჟეტის მოსამზადებლად სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე იტალიის ეროვნული ტელევიზიის გადამღები ჯგუფი, მარკეს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
სტუმრებმა დაათვალიერეს ჯიღაურის ვაზის უნიკალური კოლექცია, ბაზაზე არსებული ლაბორატორიები და ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცე. გადაღებების პარალელურად, იტალიის ტელევიზიამ ინტერვიუ ჩაწერა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორ ლევან უჯმაჯურიძესთან, რომელმაც ყურადღება საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა: „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს წლების განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობა აქვს როგორც იტალიელ მეცნიერებთან, ისე FAO-სთან. ერთობლივად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ და განსაკუთრებით ვაფასებთ იმ მხარდაჭერას, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ქართულ მეცნიერებას და სოფლის მეურნეობას აქვს“, – აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას; განხილული იყო კლიმატის ცვლილების გავლენა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე, და აღნიშნულით გამოწვეული ზემოქმედების შერბილების პროექტები, რომელსაც ცენტრი ახორციელებს.
ვიზიტში მონაწილეობდნენ ფრანჩესკო სოლფანელი — მარკეს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული ეკონომიკის პროფესორი; ლუკა პალოტი — ამავე უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტი მკვლევარი, რომლის კვლევის სფეროა ვენახის მართვის თანამედროვე მიდგომები კლიმატის ცვლილების პირობებში; გვიდო აგოსტინუჩი — გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ENPARD IV პროგრამის მენეჯერი.
ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს