საქართველოში ჩინური ბიზნესები იზრდება. მხოლოდ გასულ წელს ჩინური კაპიტალის მონაწილეობით საქართველოში 304 ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა. ზრდა გრძელდება მიმდინარე წელსაც - 2025 წლის პირველ ოთხ თვეში ქვეყანაში რეგისტრირებულია 93 ბიზნეს სუბიექტი, რაც წლიურად 3.3%-იანი ზრდაა.

ჩინური კაპიტალის მონაწილეობით შექმნილი ბიზნესების უდიდესი ნაწილი საქმიანობის უცნობი ტიპით ხასიათდება. მაგალითად, შარშან რეგისტრირებული 304 კომპანიიდან 286-ის საქმიანობის სფერო უცნობი იყო, წელს რეგისტრირებული კომპანიებიდან კი არც ერთის საქმიანობა არ იყო ცნობილი.

საქართველოში დაარსებული ჩინური კომპანიების ბრუნვა რიგ შემთხვევაში ქართული კომპანიების ბრუნვასაც კი აღემატება. ასეა მაგალითად, გზების მშენებლობის ნაწილში. კერძოდ, საქართველოში ბრუნვის მიხედვით 2024 წელს გზის მშენებლობით დაკავებული უმსხვილესი 10 კომპანიიდან ექვსი ჩინური იყო, ეს კომპანიებია:

  • China Railway 23rd Bureau Group;
  • Georgia branch of China Road and Bridge Corporation;
  • Hunan Roads and Bridges Construction Group LLC;
  • Guizhou Highway Engineering Group Co;
  • China Railway Tunnel Group Co, Ltd;
  • China State Construction Engineering Corporation Ltd.

გზების მშენებლობა სწორედ ის მიმართულებაა, სადაც ჩინური კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ და მათი მონაწილეობა რიგ შემთხვევაში უმსხვილეს პროექტებში ხორციელდება. ასე მაგალითად, გასულ წელს რუსეთის საზღვართან ახალი მაგისტრალის (სტეფანწმინდა-გველეთის საავტომობილო გზის კმ 0+440 კმ 4+940 (ლოტი 1)) ასაშენებლად საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში China Railway Tunnel Group Co., LTD-მა გაიმარჯვა. კომპანიამ სამუშაოები 212 548 390 ლარად უნდა შეასრულოს. სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე ხელშეკრულების დოკუმენტები ატვირთული არ არის. „ბიზნესპრესნიუსმა“ მიმართა საავტომობილო გზების დეპარტამენტს, სადაც განაცხადეს, რომ ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და განმარტეს, რომ:

„ტენდერის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით სამუშაოების შესყიდვა განხორციელდა დონორი ორგანიზაციების წესების შესაბამისად, რომელიც არ ითვალისწინებს ხელშეკრულების სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდის პორტალზე ატვირთვას და აღნიშნული პლატფორმა გამოიყენება მხოლოდ წინადადებების მისაღებად“, - აცხადებენ დეპარტამენტში.

„ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ჩინური კომპანიების დომინირების შესახებ. სატრანსპორტო დერეფნების კვლევის ცენტრის“ დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი მსხვილ პროექტებში ჩინური კომპანიების სიმრავლეს ხსნის იმით, რომ ჩინური კომპანიები ქვეკონტრაქტორ ქართულ კომპანიებთან არიან „შეკრული“.

როგორც ცაგარეიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ მსხვილი ბრუნვის მქონე კომპანიებს შორის საგზაო მშენებლობების კუთხით ლიდერობენ ჩინური კომპანიები, მათი ფინანსური მომგებიანობა არც თუ ისე დიდია. მისი თქმით, შესაძლოა, მათ ჩინეთის სახელმწიფო ასუბსიდირებდეს.

„ჩინური კომპანიები შეკრულები არიან ქართულ ქვეკონტრაქტორ კომპანიებთან. ეს ქართული კომპანიები, თავის მხრივ, ხშირ შემთხვევაში არიან დაკავშირებულები რეგიონებში ადგილობრივ სახელმწიფო წარმომადგენლებთან. ეს შეხმატკბილებული დამოკიდებულება ხშირად უბიძგებს გადაწყვეტილების მიმღებს, რომ ჩინურმა კომპანიებმა მიიღონ ტენდერში გამარჯვებულის სტატუსი. 2 წლის წინ ძალიან საინტერესო განცხადება გაკეთდა - პოლონეთის ელჩი გამოდიოდა ამ საკითხთან დაკავშირებით და ამბობდა, რომ პოლონეთი ერთ-ერთი წინ წასული ქვეყანაა გზების მშენებლობაში და რატომ არ არის იმის შესაძლებლობა, რომ პოლონეთმა მიიღოს პროექტებში სრულფასოვანი მონაწილეობაო. სხვა ექსპერტებიც ამტკიცებდნენ, რომ ტენდერებს ძირითადად იგებდნენ ჩინური კომპანიები. დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ შევეცადე შემესწავლა ამ ჩინური კომპანიების ფინანსური მდგომარეობა, თუმცა, მათი ოფიციალური ფინანსური მდგომარეობა არ არის მომგებიანი. ასე გამოვიდა, რომ ჩინეთის სახელმწიფო ასუბსიდირებს მათ“, - აღნიშნავს ცაგარეიშვილი.

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საგზაო პროექტია E60 ე.წ დასავლეთ-აღმოსავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, რომლის განვითარებითაც დაინტერესებულია ჩინეთი, იქიდან გამომდინარე, რომ მაგისტრალის დროული მშენებლობა ტვირთების გადატანის დროს შეამცირებს. რესპონდენტს ვკითხეთ, საგზაო მშენებლობებში ჩართულ მსხვილ კომპანიებს შორის ჩინეთის დომინირება ხომ არ არის გამოწვეული ჩინეთის სურვილით, დროულად დასრულდეს E60-ის მაგისტრალის მშენებლობა.

„მოდით, ტენდენციაზე გავამახვილებ ყურადღებას, მაკედონიაში ასეთი გზით წავიდა საავტომობილო გზების მშენებლობა - ჩინეთმა როგორც დამფინანსებელმა ისე მიიღო მონაწილეობა და ააშენა გზები, ფაქტობრივად, იქ ჩინეთმა ორივე გასაღები ჩაიგდო ხელში, როგორც ფინანსური უზრუნველყოფა, ასევე მშენებლობის პროცესი. ჩვენთან განსხვავებული სიტუაციაა, გვაფინანსებენ ბანკები, სხვადასხვა არაჩინური დონორები და ჩინეთი აშენებს შემდეგ. იმ ქვეყანაში რომელზეც მე ვსაუბრობ, რადგან ორივე კომპონენტი ერთ ხელში იყო, უარყოფითი შედეგები დადგა. პირველი ის, რომ უხარისხოდ აშენდა, მეორე ის, რომ სამშენებლო ნარჩენებს მდინარეში ყრიდნენ და ეკოლოგიური დაბინძურება გამოიწვიეს და მესამე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩინეთის მხრიდან გაცემულმა სესხის თანხამ ევროპისკენ მისწრაფებულ ქვეყანაში გამოიწვია ის, რომ სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებაში გაიზარდა და 60%-ს გადააჭარბა. ამ მოცემულობამ აღნიშნული ქვეყანას გაურთულა სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტიდან სესხის აღება.

იმის თქმა მინდა, რომ მაკედონია ჩინეთთან კაბალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან ორივე გასაღები ჩაიგდო ჩინეთმა ხელში, მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ მშენებლობაც და ფინანსებიც მათი იყოს. მიუხედავად ამისა, მშენებლობებს პრობლემები აქვს, პრობლემურია ეკოლოგიური ფაქტორები, კონტრაქტორები გაუმჭვირვალეა და ა.შ. კარგია რომ არ აღმოვჩნდით ორმხრივ კაბალაში, რასაც ჰქვია ჩინური ინვესტიციები და ხშირ შემთხვევაში ცენტრალური ქვეყნების უმეტესობაში ჩინეთიდან აღებული სესხი მშპ-ს თითქმის 30-35%-ს აჭარბებს და, ფაქტობრივად, ირიბად არიან დამოკიდებული ჩინეთის ინვესტიციებზე. ეს ერთ-ერთი საშიშროებაა ჩვენთვის, წინ ანაკლიის პორტი გვაქვს, რომელიც გაურკვეველ პოზიციაშია და საფრთხილოა, რომ არ აღმოვჩნდეთ გაურკვეველ მდგომარეობაში და მერე ვერ გადავიხადოთ რაიმე სესხი“, - აღნიშნავს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას პაატა ცაგარეიშვილი.

www.bpn.ge