ინვესტორების მხრიდან ენერგეტიკის დარგის მიმართ ინტერესი ბევრად მომატებულია, – ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა, მარიამ ჩახვაშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო.

ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გახსნა და ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

როგორც Galt & Taggart-ის წარმომადგენელი აცხადებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ენერგეტიკის სექტორში გატარებული ახალი პოლიტიკის შედეგად ინვესტორების დაინტერესება გაზრდილია, რასაც Galt & Taggart-ში მომართვიანობის სტატისტიკაც ადასტურებს.

„მეტი დაინტერესებული მხარეა. უფრო მეტი ინვესტორია, მეტი ფიქრობს შემოსვლას სექტორში, მათ შორის, უცხოელებიც. ამიტომ მგონია, რომ ენერგეტიკის სექტორის მიმართ მთავრობის აქტიურობამ ინვესტორების ინტერესიც გაააქტიურა“, – განაცხადა მარიამ ჩახვაშვილმა.

მისი განმარტებით, ახალი გუნდის პირობებში კომუნიკაცია უფრო გახსნილი გახდა და შეხვედრებს შორის პროგრესი აშკარად შეინიშნება.

„ზოგადად, მინდა, აღვნიშნო, რომ ახალი მმართველობა ბევრად უფრო ღიაა შეხვედრების მიმართ. პირადად არაერთ შეხვედრაზე ვარ ნამყოფი, რომელზეც პირდაპირი კომუნიკაცია ხდება. რაც მთავარია, ვხედავთ პროგრესს შეხვედრიდან შეხვედრამდე – წინა შეხვედრებზე დაფიქსირებულ გამოწვევებზე შემდეგში უკვე გარკვეული ნაბიჯები არის გადადგმული ან გადაწყვეტილებები – მიღებული“, – აღნიშნა Galt & Taggart-ის წარმომადგენელმა.

რაც შეეხება ფორუმზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ წარდგენილ ათწლიან სტრატეგიას, მარიამ ჩახვაშვილის თქმით, ამ გეგმას სექტორი, დიდი ხანია, ელოდებოდა.

„4000 მგვტ-ის გაცხადებული პოლიტიკა ბევრისთვის პასუხი არის შეკითხვებზე. ვუყურებთ, რომ დაახლოებით ამდენი სიმძლავრე შევა სისტემაში, ამდენი გენერაცია გვექნება და იმპორტდამოკიდებულების მაჩვენებელი, რომელიც წლიურ ჭრილში დღეს 26%-ს შეადგენს, მზარდი მოხმარების პირობებშიც კი ეტაპობრივად შემცირდება“, – აღნიშნა მარიამ ჩახვაშვილმა.

წყარო: პირველი არხი