ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში მიმდინარე ნაპირდაცვის მასშტაბურ სამუშაოებს, რომლებიც აქტიურ ფაზაშია.
მინისტრმა განმუხურის სანაპიროზე არსებულ რთულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ნაპირის ეროზიის გამო დაზიანებული ტერიტორიის აღდგენის მიზნით უკვე მიღებულია გადაწყვეტილება ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელების შესახებ.
,,ტერიტორიაზე შემოვა 250 000 კუბური მეტრი მასალა, რაც სანაპიროს აღდგენასა და სრულფასოვანი დასასვენებელი სივრცის მოწყობას უზრუნველყოფს“ - აღნიშნა სოხაძემ.
მისივე თქმით, სამინისტრო პროცესს მხოლოდ ერთჯერადად არ განიხილავს - სამუშაოები გაგრძელდება მომავალშიც. პარალელურად, შავი ზღვის სანაპიროზე არსებულ რთულ მონაკვეთებზე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს კვლევა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება გრძელვადიანი ღონისძიებები, რათა ეროზიის პროცესი შეჩერდეს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ კონტრაქტორთან აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს და ორივე მხარე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ განმუხურის სანაპირო ტურისტულ სეზონს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.
განმუხურის სანაპირო ზოლი წლების განმავლობაში ექვემდებარებოდა ზღვის ტალღოვანი ზემოქმედებით გამოწვეულ ეროზიას. შედეგად, დაზიანებულ მონაკვეთებზე ნაპირი 10-12 მეტრით, ხოლო შესართავთან 50-60 მეტრით იყო უკან დახეული, რაც საფრთხეს უქმნიდა როგორც სანაპირო ინფრასტრუქტურას, ისე რეგიონში ტურიზმის განვითარებას.
მიმდინარე პროექტი ითვალისწინებს სანაპირო ზოლის შევსებისა და დაცვის კომპლექსურ სამუშაოებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ეროზიულ პროცესებს და უზრუნველყოფს სანაპიროს გრძელვადიან მდგრადობას. სამუშაოებს ახორციელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, პროექტის ღირებულება 3.2 მილიონ ლარზე მეტია და იგი სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
პარალელურად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე დაიწყო განმუხურის და ანაკლიის სანაპირო ზოლის განახლების პროექტირება, რომელიც 67 ჰექტარზე თანამედროვე, ოთხივე სეზონზე ხელმისაწვდომი მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცის შექმნას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა დასასვენებელი, სპორტული და კულტურული ზონები, საფეხმავლო და ველობილიკები, საბავშვო და საგანმანათლებლო სივრცეები, ასევე განახლდება ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდი.
რეგიონში მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, მინისტრი ასევე გაეცნო ზუგდიდში აფხაზეთის №11 საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესს, რომელიც 450 მოსწავლეზეა გათვლილი და თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას შექმნის. პროექტის ღირებულება 11.2 მილიონ ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში აშენდა ახალი საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზე, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და უზრუნველყოფს ბავშვებისთვის უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
სამეგრელოს რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიზნად ისახავს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, ისე ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებას.
რევაზ სოხაძე დღეს იმერეთის რეგიონში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფელ კურსებთანაც იმყოფებოდა. მინისტრი, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობას. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს არსებული ვითარების სტაბილიზაციისა და მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის გზები, მათ შორის, მიმდებარე სოფლებამდე მისასვლელი ალტერნატიული გზის მოწყობის შესაძლებლობა.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს