ინგლისური ლაინერის „ტიტანიკის“ გადარჩენილი მგზავრის კუთვნილი სამაშველო ჟილეტი Henry Aldridge and Son-ის აუქციონზე გაიყიდება.

CNN-ის ცნობით, ჟილეტი პირველი კლასის მგზავრს, ლორა მეიბლ ფრანკატელს ეცვა. ის მოდის დიზაინერ ლუსი დაფ გორდონის მდივანი იყო და ჩიკაგოში მასთან და მის მეუღლესთან ერთად მიემგზავრებოდა. სამივე მათგანი გადარჩა.

ნივთის აღწერილობაში ნათქვამია, რომ მას ხელს აწერენ ფრანკატელი და მასთან ერთად მყოფი სხვა პირები, რომლებიც სამაშველო ნავში იმყოფებოდნენ.

„მარტივად რომ ვთქვათ, ეს სამაშველო ჟილეტი კოლექციონერებისთვის უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს; ეს არის ერთადერთი ეგზემპლარი, რაც კი ოდესმე აუქციონზე გამოტანილა, რომელიც „ტიტანიკის“ გადარჩენილ მგზავრს ეკუთვნოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტრაგედიიდან 114 წელი გავიდა, ბორტზე მყოფ თითოეულ ადამიანს თავისი ისტორია ჰქონდა“, - აღნიშნა აუქციონის სახლის მმართველმა დირექტორმა, ენდრიუ ოლდრიჯმა.

მისი თქმით, ჟილეტს ყიდის ადამიანი, რომელმაც „გადაწყვიტა, რომ დრო იყო, ესტაფეტა სხვა კოლექციონერს დაუთმოს“. ლოტი შეფასებულია 339 000–474 000 დოლარად.

ჟილეტთან ერთად, აუქციონზე ტიტანიკთან დაკავშირებული სხვა ნივთებიც არის გამოტანილი.

აუქციონი 18 აპრილს გაიმართება.