საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ენერგეტიკული ბირჟის სრული ამოქმედება უნდა გადაიდოს. მისი თქმით, საჭიროა დრო მეტი გააზრებისთვის.

„უნდა ვიფიქროთ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ ვამუშაოთ ერთად ჩვენი ინტერესი - რომ ავაშენოთ ელექტროსადგურები და ენერგოუსაფრთხოება მაღალ დონეზე გვქონდეს და მეორე მხრივ - რამდენად პასუხობს ამას ეს ბირჟა. ამის უფრო მეტი გააზრება გვჭირდება და ამისთვის დრო იქნება საჭირო“, - აღნიშნა მან.

ამასთან, ვეფხვაძემ ორი მთავარი გამოწვევა დაასახელა, რაც ბირჟის მუშაობას უკავშირდება.

პირველი გამოწვევაა ის, რომ თუ აქამდე ცენტრალური დისპეტჩირება ხდებოდა, ახლა თვითდისპეტჩირებაზე გადადის. განახლებადი ენერგიის ნაწილში ურთულესი იქნება წინასწარ, 24 საათით ადრე იმის განჭვრეტა, თუ რა ტიპის გენერაცია გექნება, იმ ცვალებადობიდან გამომდინარე, რაც ქარს და მზეს აქვს. ამ კუთხით, სერიოზული პრობლემები ექნებათ დეველოპერებს.

მეორე ნაწილი უკავშირდება ქარს და ჰიდროს. დღევანდელი ფასწარმოქმნა დაფუძნებულია დანახარჯზე. რაც ჯდება წარმოება, იქიდან გამომდინარეა ფასი. ახალ მოდელში [ფასი] დანახარჯზე მიბმული აღარაა, ის მიბმულია მოთხოვნა/მიწოდებაზე. როცა მიწოდება ჭარბობს მოთხოვნას, მაშინ ფასი შეიძლება გახდეს 0. ამ დროს ჰიდროს ნაწილში, ჩვენ მაისი-ივნისი-ივლისი-აგვისტო ჩაკეტილი გვექნება ფასები. მხოლოდ რვა თვეა გარანტირებული ფასები. ფინანსური მოდელი, როდესაც მაის-ივნის-ივლისში გვაქვს გენერაციის თითქმის ნახევარი, ალბათ ბევრი პროექტისთვის არახელსაყრელი გახდება. ამიტომ ეს ამ პროექტების განვითარებას შეაფერხებს. შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ განსხვავებული ტიპის მოდელებზე ან გარკვეული პერიოდი გადავიფიქროთ ამ ტიპის ბირჟაზე გადასვლა, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ იმპორტიორ ქვეყნებში არ გვაქვს მსგავსი ტიპის საბაზრო მიდგომები, საიდანაც შეიძლება ელექტროენერგია შევისყიდოთ.

ეს ექსპორტსაც შეაფერხებს, პრობლემა იქნება, ვინაიდან შეიძლება ამ მოდელში პირდაპირი ექსპორტი ვეღარ მოხდეს და ბირჟის გავლით მოხდეს...“, - განმარტა ლევან ვეფხვაძემ.

ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი 2024 წლის პირველი ივლისიდან მოქმედებს. 2025 წლის 1 ივლისიდან კი ბაზრის კონცეფციის მიხედვით, საბალანსო ბაზარი უნდა გაიხსნას და ზოგიერთმა ბაზრის მონაწილემ ბირჟაზე სავალდებულო წესით უნდა ივაჭროს.

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ენერგეტიკული ბირჟა ნებაყოფლობით რეჟიმში მუშაობს, გამოჩნდა, რომ მომხმარებლებმა ბირჟაზე ელექტროენერგიის ყიდვის შედეგად გარკვეული თანხები დაზოგეს. ნარმანიას თქმით, ბირჟის პლატფორმაზე ვაჭრობა ხარვეზების გარეშე მიმდინარეობდა, რაც იმის საფუძველს იძლევა, რომ 1 ივლისიდან ბირჟა სრული დატვირთვით ამუშავდეს, თუმცა მისი თქმით, გადაწყვეტილება ამ ნაწილში მთავრობის მისაღებია.

bm.ge