საქართველოში არსებული სხვადასხვა რეგიონის მსგავსად კახეთიც ის ადგილია, რომელიც განახლებადი ენერგიების კუთხით მნიშვნელოვან პოტენციალს ფლობს. ბუნებრივია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განახლებადი ენერგიების პოტენციალიც განსხვავებულია, ზოგ ადგილას ჰიდროელექტროსადგურების პერსპექტივა უფრო მაღალია, ზოგან მზის, ზოგან ქარის და ასე შემდეგ. თავისი მდებარეობიდან გამომდინარე, კახეთი გამოირჩევა მზის ელექტროსადგურების პოტენციალით, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა განხლებადი ენერგიების ინტეგრირებაც შეუძლებელია, პირიქით, რეგიონის მდებარეობა ამ ყველაფრის შესაძლებლობასაც იძლევა.
აღსანიშნავია, რომ კახეთი მოიცავს 11 მუნიციპალიტეტს და არის ერთ-ერთი უდიდესი რეგიონი საქართველოში. მის ტერიტორიაზე მკვეთრად გამოხატულია კონტინენტური კლიმატი , სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აქ არის კლიმატი, რომელიც ხასიათდება ტემპერატურის მნიშვნელოვანი წლიური ცვალებადობით, რაც გამოწვეულია წყლის მნიშვნელოვანი სივრცის არარსებობით. შესაბამისად, კახეთი გამოირჩევა ცხელი ზაფხულითა და თბილი მზიანი დღეების მაღალი რაოდენობით, რაც მზის ენერგიის გამოყენებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. რეგიონი ასევე მდიდარია ვენახებით, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებითა და ნაკლებად ათვისებული ქარიანი ზონებით, რაც განაპირობებს ბიომასისა და ქარის ენერგიის პოტენციალს.
მზის ენერგიის პოტენციალი
კახეთში მზიანი დღეების საშუალო რაოდენობა წელიწადში აღწევს 250-280 დღეს, რაც ყოველწლიურად დაახლოებით 1500–1700 კილოვატ-საათი/მ² მზის რადიაციას ნიშნავს. ეს მაჩვენებელი საკმარისია იმისთვის, რომ კერძო სახლებს, ბიზნესსა და მცირე წარმოებებს ეფექტურად მიაწოდოს ენერგია. კახეთის რეგიონში მზის ენერგიის გამოყენება მზარდი ტენდენციით ვითარდება, მაგალითისთვის, უკვე რამდენიმე მუნიციპალიტეტში დამონტაჟებულია მზის პანელები როგორც საჯარო, ისე კერძო შენობებზე (მაგ. საგარეჯოსა და თელავში). მზის ელექტროსადგურების განვითარება განსაკუთრებით პერსპექტიულია დაბალმთიან ზონებში (გურჯაანი, თელავი), სადაც ნისლის საფარი მინიმალურია. თუმცა ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ამჟამად მისი სრული პოტენციალი ჯერ კიდევ არ არის ათვისებული. არსებულ რეალობაში, კახეთში მზის ენერგიის გამოყენება ძირითადად მცირე და საშუალო მასშტაბის პროექტებით შემოიფარგლება, თუმცა არსებობს მზარდი ინტერესი და ინვესტიციები ამ მიმართულებით. სწორედ მზარდი ინტერესებიდან მოდის, რომ ამჟამად მიმდინარეობს 5 მეგავატიანი უდაბნოს მზის ელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც წელიწადში დაახლოებით 7.1 მილიონ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. გარდა ასეთი შედარებით მსხვილი პროექტებისა, კახეთში არსებული კომპანიებიც სხვადასხვა მოცულობით აქტიურად ახორციელებენ მზის პანელების ინტეგრირებას. მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ “ვაინ კახეთი” - ღვინის ქარხანა. კომპანიამ დაამონტაჟა 360 კილოვატიანი მზის პანელები, რაც საშუალებას აძლევს ნაწილობრივ მოიხმაროს საკუთარი წარმოებული ენერგია და ეტაპობრივად გადავიდეს ალტერნატიულ ენერგიის წყაროზე.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მასშტაბით, მზის ენერგიის პოტენციალი შეფასებულია 108 მეგავატად . მიუხედავად იმისა, რომ კახეთისთვის კონკრეტული მონაცემები არ არის გამოყოფილი, რეგიონის კლიმატური პირობები და მზის რადიაციის მაჩვენებლები მიუთითებს, რომ კახეთს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ამ პოტენციალის რეალიზებაში.
ქარის ენერგია
ქარის ენერგიის თვალსაზრისით კახეთში გამოირჩევა მაღალმთიანი და ზეგანი ტერიტორიები — მაგალითად, თიანეთისა და ახმეტის რაიონები. ჩატარებული პრელიმინარული კვლევებით, რეგიონის ზოგიერთ ზონაში საშუალო ქარის სიჩქარე აღწევს 6–8 მ/წმ-ს, რაც საკმარისია ენერგიის კომერციული წარმოებისთვის. ამ ეტაპზე კახეთში არ ფუნქციონირებს მსხვილი ქარის ელექტროსადგური, თუმცა მთავრობის სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ რეგიონის სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის გარე ქსელებთან დაკავშირება, ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას ქარის ენერგეტიკაში. მეტი ინფორმაციისთვის, საერთაშორისო განახლებადი ენერგიის სააგენტოს (IRENA) 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო მთლიანობაში ფლობს დაახლოებით 5.4 გიგავატ ქარის ენერგიის პოტენციალს, რაც წლიურად 4 ტერავატსაათ ელექტროენერგიას უდრის . კახეთის კლიმატური პირობები და გეოგრაფია მიუთითებს, რომ რეგიონს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ამ პოტენციალის რეალიზებაში.
ჰიდროენერგია
კახეთში ნაკლებად არის წარმოდგენილი მსხვილი ჰიდრორესურსები, თუმცა მცირე მდინარეების სისტემას — ალაზნის, იორისა და მათი შენაკადების სახით — აქვს პოტენციალი მცირე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისთვის. განსაკუთრებით ეფექტური შეიძლება იყოს მცირე HPP-ების განვითარება მიკრო-სოფლად განვითარებისთვის.
გარდა ზემოთ აღნიშნული განახლებადი ენერგიებისა, პოტენციალზე საუბრისას ასევე უნდა ვახსენოთ ბიომასის ენერგიაც. კახეთი აგრარული რეგიონია, სადაც ფართოდ არის წარმოდგენილი მევენახეობა, მეღვინეობა და მარცვლეულის წარმოება. ყოველწლიურად რეგიონში მრავლად წარმოიქმნება ორგანული ნარჩენები — ვაზის რქები, ყურძნის ქატო, მარცვლეულის ნარჩენები და ა.შ., რომლებიც ეფექტურად შეიძლება გარდაიქმნას ბიოენერგიად. ამასთან, განსაკუთრებით საინტერესოა ბიოგაზის ტექნოლოგიების დანერგვა ფერმერულ მეურნეობებში, სადაც საქონლის და ცხვრის ნაკელს შეუძლია ენერგიის წყაროდ ქცევა. ასეთ პროექტებს შეუძლიათ უზრუნველყონ ენერგოავტონომიურობა და ამასთან, შეამცირონ მეთანის გამოყოფა გარემოში.
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვა, რომკახეთი წარმოადგენს მნიშვნელოვან რეგიონს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და ეკოლოგიური მდგრადობის კუთხით. მზის, ქარის, ბიომასის და მცირე ჰიდრო რესურსების სწორი მართვითა და ტექნოლოგიური განვითარებით შესაძლებელია რეგიონის ენერგეტიკული პოტენციალის სრულად ათვისება. ეს არამხოლოდ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას გაზრდის, არამედ ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას, გარემოს დაცვასა და სამუშაო ადგილების შექმნას.