ყაზახეთი მექსიკის მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვების ახალ ლოჯისტიკურ მარშრუტს ხსნის, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი საქართველოს ფოთის პორტია. ახალი სატრანსპორტო ჯაჭვის ფარგლებში ყაზახურმა კომპანია KTZ Express-მა ალმატიდან ფოთის პორტამდე ტვირთების გადაზიდვა განახორციელა, საიდანაც მექსიკის ვერაკრუსის პორტამდე საზღვაო ტრანსპორტირებას კომპანია Maersk უზრუნველყოფს.
ინფორმაციას საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, გადაზიდვა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR), იგივე შუა დერეფნის ინფრასტრუქტურის გამოყენებით განხორციელდა. ტვირთების გადაადგილება მოიცავდა კასპიის ზღვის მონაკვეთს, რის შემდეგაც კონტეინერები ფოთის პორტში ჩავიდა. საბოლოო დანიშნულების ადგილი მექსიკის ყურის სანაპიროზე მდებარე ვერაკრუსის პორტია.
„ეს ლოჯისტიკური ჯაჭვი აერთიანებს ტრანსკასპიური მარშრუტის შესაძლებლობებს და KTZ Express-ის პარტნიორების საერთაშორისო საზღვაო სატრანსპორტო ქსელს“, – აღნიშნულია ასოციაციის მიერ გავრცელებულ მიმოხილვაში.
KTZ Express ყაზახეთის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის, Kazakhstan Temir Zholy-ს შვილობილი კომპანიაა. ახალი მიმართულებით გადაზიდვა კომპანიის საერთაშორისო ლოჯისტიკური ქსელის გაფართოების ნაწილია.
ასოციაციის ინფორმაციით, მარშრუტის განვითარება ყაზახური საქონლისადმი ინტერესის ზრდას უკავშირდება ტრადიციული საექსპორტო ბაზრების მიღმა. ტრანსკასპიური მარშრუტის ინფრასტრუქტურის გამოყენებით ყაზახ გადამზიდავებს ტვირთების შეერთებულ შტატებში, გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირის ქვეყნებში ტრანსპორტირების შესაძლებლობაც აქვთ.
მექსიკის მიმართულების დამატება კი კომპანიის საერთაშორისო გადაზიდვების ქსელს კიდევ უფრო აფართოებს და ლათინური ამერიკის ბაზრებთან დაკავშირებას უწყობს ხელს.
მიმოხილვის მიხედვით, საქართველოსთვის ამ მარშრუტის მნიშვნელობა ფოთის პორტის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებაშია. ახალი ლოჯისტიკური ჯაჭვი საქართველოს პორტს ცენტრალური აზიიდან მექსიკის მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვების ერთ-ერთ რგოლად აქცევს.