საკრედიტო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი "BB" დონეზე შეაფასა, ხოლო პერსპექტივა "ნეგატიურიდან" "სტაბილურამდე" გააუმჯობესა.

2025 წლის 21 ნოემბერს გამოქვეყნებული უახლესი შეფასების თანახმად, პერსპექტივის გადახედვა იმას უკავშირდება, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საერთაშორისო რეზერვები, ასევე გაუმჯობესებულია ტურიზმიდან შემოსავლები და ფულადი გზავნილები.

"მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 2024 წლის ოქტომბრის მინიმუმთან შედარებით 37.2%-ით გაიზარდა და 2025 წლის ოქტომბრის ბოლოს ყველა დროის მაქსიმუმს - 5.6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მიმდინარე ანგარიშის 2.8 თვის გადახდების ეკვივალენტურია. გაუმჯობესება ასახავს ცენტრალური ბანკის მიერ წლის დასაწყისიდან 1.6 მილიარდი აშშ დოლარის შესყიდვებს და ოქროს ფასების ზრდას (322 მილიონი აშშ დოლარი). ზრდაში ასევე წვლილი შეიტანა ტურიზმიდან მიღებულმა მაღალმა შემოსავლებმა (2025 წლის 1-3 კვარტალში 5.1%-იანი წლიური ზრდა) და ფულადმა გზავნილებმა (2025 წლის იანვარ-ოქტომბერში 7.1%-იანი წლიური ზრდა), ბანკების სავალუტო დეპოზიტებზე სარეზერვო მოთხოვნების გამკაცრებამ და დედოლარიზაციის უფრო ფართო ტენდენციამ",- წერია შეფასებაში.

ცნობისთვის, 2024 წლის ივნისში Fitch-მა საქართველოს პერსპექტივა "პოზიტიურიდან" "სტაბილურამდე", ხოლო დეკემბერში, გაზრდილი პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, "ნეგატიურამდე" შეამცირა. წინა, მაისის შეფასებაში კი Fitch-მა უცვლელად დატოვა.