საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდველებისთვის ევროკავშირის შიგნით სასაზღვრო კონტროლი მკაცრდება და ახალი საჯარიმო სანქციები წესდება, ამ თვალსაზრისით ქართველი გადამზიდველებისთვის, რომლების გადაზიდვებს ევროპულ სივრცეში ახორციელებენ ინტერესმოკლებული არ იქნება აღნიშნული პრაქტიკული რჩევების გაცნობა – რჩევებს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი (TCRC) ავრცელებს.
„ევროკავშირის ქვეყნები ახალი რეგულაციების შემოღების და სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების ერთ-ერთი მთავარ მიზეზად არალეგალური მიგრანტების რაოდენობის ზრდას უკავშირებენ.
გერმანია, ავსტრია, იტალია, ნიდერლანდები და შვედეთი ეს ის ევროპული ქვეყნებია, რომლებმაც მიგრაციული ზეწოლისა და უსაფრთხოების შესახებ შეშფოთების გამო, პირველებმა საზღვრებზე კონტროლი პირვანდელი აღადგინეს.
მიუხედავად იმისა, რომ შენგენის ზონაში სასაზღვრო შემოწმება არჩევითობის წესით ხორციელდება, სატრანსპორტო კომპანიები მზად უნდა იყვნენ სხვადასხვა ტიპის გაძლიერებული კონტროლისთვის.
დარღვევებისთვის გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი ფინანსური ჯარიმები, რომლებიც ზოგჯერ ათიათასობით ევროსაც აჭარბებს.
შემოწმებები სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს:
მძღოლისა და სატრანსპორტო საშუალების დოკუმენტაცია – განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ევროკავშირის არაწევრ მძღოლებს, შემოწმებას ექვემდებარება მათი ევროზონაში ყოფნის და მუშაობის კანონიერება. ინსპექტორებს ასევე შეუძლიათ მოითხოვონ ევროკავშირის ლიცენზია, სატრანსპორტო საშუალების და ტვირთის დოკუმენტები.
ტვირთის საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის დოკუმენტის CMR ის არასწორად შევსება – CMR ში შეცდომები გავრცელებული დარღვევაა, რაც საფრანგეთში 750 ევრომდე, ხოლო გერმანიაში – 500 ევრომდე ჯარიმას იწვევს.
ტვირთის თანმხლები დოკუმენტები – ინვოისი, შეკვეთის საბუთი ა.შ. – მძღოლს ბორტზე უნდა გააჩნდეს ყველა საჭირო დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბელგიაში საჯარიმო სანქცია 1800 ევრომდეა, ხოლო ნიდერლანდებში – 1500 ევრომდე.
საბაჟო დოკუმენტები – MRN, GMR, T1/T2 MRN, GMR და T1/T2 ევროკავშირის ფარგლებში და დიდ ბრიტანეთში საქონლის გადაადგილებისას საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული დოკუმენტაციაა.
აღნიშნული დოკუმენტები საჭიროა დიდ ბრიტანეთში/დან გადაზიდვისას, მაშინაც კი, თუ ევროკავშირის ფარგლებში განბაჟება საჭირო არ არის. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობამ სატრანსპორტო საშუალების კონფისკაცია და ათასობით ფუნტის ოდენობის ჯარიმა შეიძლება გამოიწვიოს.
სპეციალური ნებართვები – ზოგიერთი საქონლის გადაზიდვისას საჭიროა დამატებითი ნებართვები, როგორიცაა საშიში ტვირთებისათვის ADR ის ნებართვა. გერმანიაში დარღვევები შეიძლება 50 000 ევრომდე ჯარიმის მიზეზი გახდეს.
ევროკავშირის ლიცენზია და მისი ამონაწერი – ლიცენზიის არქონა მკაცრად ისჯება პოლონეთში – 12 000 ზლოტით (2 800 ევრო), გერმანიაში – 5 000 ევროთი, ჩეხეთში – 500 000 კრონამდე (20 100 ევრო).
რეგულაცია (EC) 561/2006 რომელიც მკაცრად არეგულირებს სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს, მძღოლების შესვენებებსა და დასვენების პერიოდებს, მძღოლებს ავალდებულებს თან იქონიონ მძღოლის ბარათი, საჭიროების შემთხვევაში ხელით შეიყვანონ მონაცემები ტაქოგრაფში და დაიცვან დადგენილი დასვენების პერიოდები.
მძღოლების შესვენებებსა და დასვენების პერიოდების დარღვევებისთვის ჯარიმებმა შეიძლება რამდენიმე ათას ევროს მიაღწიოს, განსაკუთრებით ესპანეთში, იტალიასა და გერმანიაში.
ინსპექტორები ასევე ყურადღებას აქცევენ საბურავების, მუხრუჭების, ფარების, ტაქოგრაფის კალიბრაციის, ტექნიკური შემოწმებისა და სავალდებულო აღჭურვილობის (ჟილეტები, საავარიო გაჩერების ნიშანი, ცეცხლმაქრი, პირველადი დახმარების ნაკრები) მდგომარეობას.
ამ ტიპის მოთხოვნების უგულებელყობის შემთხვევაში შესაძლებელია ჯარიმების დაკისრება, დოკუმენტების კონფისკაცია, შემდგომი გადაადგილების აკრძალვა და კომპანიის რისკების რეესტრებში შეყვანა.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არალეგალური მიგრანტების სატრანსპორტო საშუალების ძარაში შეღწევის შემთხვევაში საჯარიმო სანქციებს.
არალეგალური მიგრანტების გადაყვანა, მძღოლის არა ინფორმირების შემთხვევაშიც, როგორც მძღოლისთვის ასევე გადამზიდავი კომპანიისათვის დიდ ჯარიმებს ითვალისწინებს. ჯარიმამ დიდ ბრიტანეთში ერთ მიგრანტზე შესაძლოა 6 000 ფუნტ სტერლინგს (7 000 ევროს) მიაღწიოს, 75 000 ევროს საფრანგეთში და 15 000 ევროს იტალიაში.
არალეგალური მიგრანტების სატრანსპორტო საშუალების მისაბმელში შეღწევადობის პრობლემების თავიდან ასაცილებლად, მძღოლებმა რეგულარულად უნდა შეამოწმონ ლუქები, კარები და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა გაჩერებების შემდეგ.
ჯარიმების თავიდან ასაცილებლად, ევროკავშირი თავის განცხადებაში სატრანსპორტო კომპანიებს მოუწოდებს კანონის სრულ დაცვას, რაც მოითხოვს ყველა სატრანსპორტო და თანმხლები დოკუმენტის სავალდებულო ხელმისაწვდომობას, მძღოლების რეგულარულ გადამზადებას, სატრანსპორტო კომპანიაში შიდა კონტროლის პროცედურების განხორციელებას და შრომისა და უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის რეგულაციების დაცვას“ – ნათქვამია პუბლიკაციაში.