ევროკავშირის ლიდერი ეკონომიკურ სექტორს ულტრამემარჯვენე იტალიელს აბარებს

გერმანული გაზეთი „დი ველტი“ იტყობინება, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ეკონომიკის საკითხებში ვიცე-პრეზიდენტის საკვანძო თანამდებობას ულტრამემარჯვენეების იტალიელ კანდიდატს გადასცემს. ფონ დერ ლაიენი, რომელმაც ევროკომისიის ხელმძღვანელის პოსტი ივლისში მეორე ვადით მიიღო, თავის ახალ გუნდს სავარაუდოდ მას შემდეგ წარადგენს, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები პარასკევს საკუთარ კანდიდატებს დაასახელებენ. ევროკავშირის მაღალი რანგის დიპლომატებსა და ევროკომისიის ინსაიდერებზე დაყრდნობით, „დი ველტი“ ამტკიცებს, რომ იგეგმება, აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის პორტფელი ულტრამემარჯვენე პარტია „იტალიის ძმების“ წარმომადგენელს, რაფაელე ფიტოს გადაეცეს, რომელიც ეკონომიკასა და პოსტპანდემიურ აღდგენაზე იქნება პასუხისმგებელი. ამ თანამდებობიდან მოხდება იმის კონტროლი, თუ როგორ განკარგავს პანდემიის შემდეგ აღდგენის ფონდი ასობით მილიარდ ევროს.

რაფაელე ფიტო ამჟამად იტალიის ევროპულ საქმეთა მინისტრია. ევროკავშირის კიდევ ერთი ვიცე-პრეზიდენტი გახდება ლატვიელი ვალდის დომბროვსკისი, რომელსაც ახლა ევროკავშირის სავაჭრო ხელმძღვანელის თანამდებობა უკავია. მის მოვალეობებში შევა ევროკავშირის გაფართოება და უკრაინის აღდგენა. „დი ველტის“ ცნობით, მრეწველობისა და სტრატეგიული ავტონომიის საკითხების კურატორად ტიერი ბრეტონის (საფრანგეთი) კანდიდატურა განიხილება, რომელიც ამჟამად ევროკავშირის შიდა ბაზრის კომისარია. ესპანეთის გარემოს დაცვის მინისტრი, ტერეზა რიბერა კი „გარდამავალი“ პორტფელისთვის შეირჩა და ეკოლოგიისა და ციფრულ საკითხებს გაუწევს მონიტორინგს.

აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტად მოიაზრება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელობის კანდიდატი, ესტონელი კაია კალასი, რომელმაც თავისი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა უკვე დატოვა. ევროკავშირის თითოეულმა წევრმა ქვეყანამ ფონ დერ ლაიენის 26-კაციანი გუნდისთვის კანდიდატები უკვე წარადგინა. სლოვაკი მაროშ სეფჩოვიჩი, რომელიც ამჟამად აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტია, უწყებათაშორის საკითხებში კომისრად დარჩება. ენერგეტიკაზე იქნება პასუხისმგებელი ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი იოზეფ სიკელა, ხოლო საბიუჯეტო საკითხებს ევროკავშირში პოლონეთის ელჩი, პეტრ სერაფინი გაუძღვება.

მას შემდეგ, რაც ევროკომისიის პრეზიდენტი თავის გუნდს ოფიციალურად დაასახელებს, ევროპარლამენტში, სექტემბერში და ოქტომბერში, წარდგენილი კანდიდატების მოსმენა და დამტკიცება გაიმართება.

წყარო: 1 არხი - საზოგადოებრივი მაუწყებელი