გლობალური დათბობის პრობლემა ჯერ კიდევ ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდში წარმოიშვა დღეს კი  კაცობრიობის ერთ-ერთ მთავარი გამოწვევაა. დედამიწის გარშემო წარმოქმნილი სათბური ეფექტი ენერგიის ბუნებრივ ცვლას არღვევს და კლიმატის ცვლილებას აჩქარებს. 

European Cooperation Science And Technology-ის მდგრადი ჰიდროენერგეტიკისა და ცირკულარული ეკონომიკის ექსპერტის, გიგა თვაურის ინფორმაციით,  გაეროს მიერ განსაზღვრული მდგრადი განვითარების მიზნები 2020-2030 წლებში განსაკუთრებით უსვამს ხაზს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას და ენერგოეფექტურობის ხელშეწყობას.

„ტერმინი გლობალური დათბობა XIX საუკუნის მეორე ნახევარში წარმოიშვა, როდესაც დედამიწაზე ინდუსტრიული რევოლუცია დაიწყო. თავიდან ეს უკავშირდებოდა ქვანახშირის აქტიურ გამოყენებას, შემდეგ კი საწვავზე გადასვლას.

წიაღისეულის საწვავის წვით გამოტყორცნილი კვამლი დედამიწას გარშემო ერტყმის და სათბურ ეფექტს ქმნის. დედამიწას შეუძლია როგორც მიიღოს სითბო და ენერგია, ასევე გამოჰყოს; ამ შემთხვევაში დედამიწა იღებს ენერგიას ხოლო გამოყოფას ხელს სწორედ ეს სათბური ეფექტი უშლის. 

გაერომ მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ დეკლარაცია 2015 წელს მიიღო, გამოსარჩევია 2020-2030 წლების მიზნები, რომლებიც გასული წლის მიზნებს ძალიან ჰგავს, მაგრამ წინ არის წამოწეული კლიმატის ცვლილება და მასთან დაკავშირებული საკითხები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრიორიტეტიც გახდა.

ენერგოეფექტურობის კონცეფცია ნებისმიერ საქმიანობაში საუკეთესო შედეგის მიღებას გულისხმობს, რაც შეიძლება ნაკლები რესურსების გამოყენებით. აღნიშნულ მიდგომას რამდენიმე პლუსი აქვს: პირველი, შეამციროს ენერგიის ხარჯვა და მეორე, შეამციროს გარემოზე მიყენებული ზიანი, სწორედ ეს ებმის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს“,- აღნიშნა გიგა თვაურმა რადიო ,,კომერსანტის“ ეთერში. 

European Cooperation Science And Technology-ის მდგრადი ჰიდროენერგეტიკისა და ცირკულარული ეკონომიკის ექსპერტის მტკიცებით, ეკონომიკური ზრდა ყოველთვის ენერგიაზე მოთხოვნის ზრდას ნიშნავს. თუმცა ენერგიის წარმოება მოხმარების მაჩვენებლებს ვეღარ ეწევა, რაც ქვეყნებს ტრადიციული ენერგორესურსების კიდევ უფრო მეტად გამოყენებას აიძულებს და კლიმატის ცვლილებას ამწვავებს. თანამედროვე რეალობაში ალტერნატიული ენერგიის წყაროებზე გადასვლა აღარ არის მხოლოდ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, ის ხელმისაწვდომი და მოგებიანი გზაც გახდა, რასაც  მზის ენერგიის პანელებზე დაბალი ფასები და ნეტო აღრიცხვის პროგრამები ხელს უწყობს.

„ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა რომ განვიხილოთ, ამას მყისიერად მოჰყვება ენერგიაზე მოთხოვნის ზრდა, რადგან ნებისმიერი ტიპის ეკონომიკურ საქმიანობას გარკვეული სახის ენერგია სჭირდება. ეს არა მხოლოდ ქართული, არამედ გლობალური  ტენდენციაა. ენერგიის წარმოებისა და მოხმარების მაჩვენებელი ერთმანეთს ვერ მიჰყვება- წარმოება დაბალია, ხოლო მოხმარება მაღალი. ამიტომაც, ქვეყნებს ტრადიციული ენერგიის წყაროების მოხმარება გააორმაგონ. ენერგიის წარმოებას ემის გამოყოფა, ანუ რაღაცის წვა სჭირდება, რაც კლიმატის ცვლილებას იწვევს.

კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების შემცირებაში თითოეული ადამიანის წვლილი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც ბიზნესები, ისე ინდივიდუალური პირები მწვანე ენერგიის მოხმარებაზე გადავიდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ალტერნატიული გზებით ელექტროენერგიის მიღება უფრო და უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი ხდება. თუ 10 წლის წინ 1 კილოვატი მზის ენერგიის დაინსტალირება და წარმოება  10 ცენტი ჯდებოდა, დღეს ის 5 ცენტამდეა შემცირებული. ეს ერთგვარი ხელშემწყობია, რომა ადამიანებმა მაქსიმალურად შევამციროთ მოხმარება. ასევე, ძალიან კარგად იმუშავა „სემეკის“ ნეტო აღრიცხვის პროგრამამაც“,- თქვა European Cooperation Science And Technology-ის მდგრადი ჰიდროენერგეტიკის და ცირკულარული ეკონომიკის ექსპერტმა, გიგა თვაურმა „კომერსანტის“, ევროკავშირისა და KFW-ის მხარდაჭერით მომზადებულ რუბრიკაში.