საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში დებატებში მონაწილეობისას ელექტროენერგიის საექსპორტო შესაძლებლობებზე ისაუბრა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებით მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს ფასების გამჭვირვალობასა და სამომხმარებლო ტარიფებზე ზემოქმედებას, თუმცა, პარალელურად აუცილებელია ახალი დადგმული სიმძლავრეებისა და ქსელის განვითარება.
„რაც შეეხება ფასების გამჭვირვალობას და რაც შეეხება იმას, რომ კონკრეტული პროექტები, რომლებიც დღეს უკვე აქტუალურია და უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ეს პროექტები უნდა განვითარდეს, ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებით სამომხმარებლო ტარიფებზე ნებისმიერი პროექტის გავლენას, თუმცა აქვე, რა თქმა უნდა, ვიაზრებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც გულისხმობს ახალი დადგმული სიმძლავრეების ექსპლუატაციაში შესვლას, მაგრამ, მეორე მხრივ, უშუალოდ ქსელის განვითარებას. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ქსელის ოპერატორების მიერ იქნება ინვესტირებული 1,5 მილიარდი ლარი, რომელიც პირდაპირ მოემსახურება გადამცემი ხაზების გაძლიერებას იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მდგრადი და სტაბილური ენერგოდისტრიბუცია მთელი ქვეყნის მასშტაბით"- აღნიშნა მინისტრმა.