„ენერგეტიკულ ბირჟაზე იმპორტირებული ელექტროენერგია არ უნდა დავუშვათ“, - ამის შესახებ „კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის ბირჟა პირველ რიგში ადგილობრივ წარმოებას უნდა უჭერდეს მხარს.

არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა დავუშვათ ბაზარზე იმპორტირებული ენერგია. აქ იგულისხმება როგორც  წმინდა იმპორტი, ისე თბოელექტროსადგურების მიერ გენერირებული ელექტროენერგია.

იმპორტირებული ენერგია ფასებს დაწევს დაბლა. ძირითადად ჩვენ ელექტროენერგიის იმპორტს ვახორციელებთ რუსეთიდან. შარშან ძალიან მძიმე წელი გვქონდა, რადგან ჩვენი მეზობელი ოთხივე ქვეყნიდან ვუზრუნველყავით ელექტროენერგიის იმპორტი. რეალურად რუსეთიდან იმპორტირებულ ენერგიას აქვს საკმაოდ დაბალი ფასი.  თუ ჩვენ მას დავუშვებთ ბირჟაზე, აპრიორი ჩათვალეთ, რომ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგია იქნება არაკონკურენტუნარიანი. მაშინ როცა ჩვენ გვაქვს მიზანი, რომ ვიყოთ ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა, იმპორტირებული ენერგიის დაშვება ბირჟაზე გამოიწვევს არასწორ ფასწარმოქმნას.

შესაბამისად, ჩვენი ენერგოუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბირჟაზე მხოლოდ ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგია ივაჭრებოდეს“, - განაცხადა მაია მელიქიძემ.