საქართველო ენერგეტიკის სექტორში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას გეგმავს, რათა ადგილობრივი გენერაციით სრულად დააკმაყოფილოს ელექტროენერგიაზე შიდა მოთხოვნა და წარმოებული ენერგიის ექსპორტი რეგიონულ და ევროკავშირის ბაზრებზე გაზარდოს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ვარშავაში განაცხადა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქვრივიშვილმა 19 ნოემბერს „პარტნიორობა ტრანსატლანტიკური ენერგეტიკული თანამშრომლობისთვის“ (P-TEC) მეშვიდე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების დინამიკასა და მომდევნო ათწლეულის პრიორიტეტებზე ისაუბრეს.
მინისტრის განცხადებით, ქვეყანას აქვს 10-წლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანიც ათი წლის განმავლობაში ელექტროენერგეტიკული სექტორის თვითმყოფადობის მიღწევაა.
ქვრივიშვილის თქმით, დამატებითი ინვესტიციები მიმართული იქნება როგორც გენერაციის, ისე გადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ამ კონტექსტში მან რამდენიმე სტრატეგიულ პროექტზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქსელის განვითარებასა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე.
ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, წყალქვეშა კაბელი საქართველოს ენერგეტიკულ სისტემას ევროპულ ბაზართან პირდაპირ დააკავშირებს და ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის ევროკავშირში ექსპორტის შესაძლებლობას შექმნის.
მინისტერმა ასევე ისაუბრა რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებაზე. მისი ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ გაფორმდა ახალი შეთანხმება საქართველოს, ბულგარეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის, რომელიც სახმელეთო ელექტროგადამცემი ქსელების განვითარებას ითვალისწინებს. პროექტის მიზანია საქართველოში და აზერბაიჯანში გენერირებული ელექტროენერგიის თურქეთსა და ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის ხელშეწყობა.
გარდა ამისა, საქართველო მონაწილეობს მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტშიც, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოს, უნგრეთსა და რუმინეთს აერთიანებს. ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტიც ქართული ელექტროენერგიის ევროპულ ბაზარზე გატანის დამატებით შესაძლებლობას შექმნის.