ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე BMG-ის კითხვაზე პასუხისას აღნიშნავს, რომ "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის" კონცეფციაზე მუშაობა გრძელდება და ჯერ არ არის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იმასთან დაკავშირებით მოხდება თუ არა ამ კორპორაციაში "ენერგეტიკის განვითარების ფონდის" (GEDF) შერწყმა.
ამ დროისთვის, კორპორაცია აერთიანებს ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ სსიპ "აწარმოე საქართველოში"-ს და უკვე გაუქმებულ "საქართველოს განვითარების ფონდს" (ყოფილ "საპარტნიორო ფონდს").
"GEDF-ზე არის ჯერ არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, თუმცა შეიძლება ენერგეტიკის ნაწილიც გადავიდეს ამ კომპანიაში და ენერგეტიკული პროექტების დაფინანსებაშიც სწორედ ამ კომპანიამ მიიღოს მონაწილეობა და არ იყოს ცალკე ფონდი ენერგეტიკულ სექტორში,"- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
GEDF-ი 2010 წელს ენერგეტიკის სექტორში საჯარო-კერძო პარტნიორობის პროექტების ხელშეწყობისთვის დაფუძნდა. ფონდის აქტივები 77.6 მილიონ ლარს შეადგენს. ფონდი მინორიტარი აქციონერის სახით მონაწილეობს არაერთ მცირე ჰიდრო, ელექტრო და ქარის ელექტროსადგურის პროექტში.
რაც შეეხება თავად "ეკონომიკის განვითარების კორპორაციას" უკვე დაკომპლექტდა მისი მენეჯმენტი - ახალ სააქციო საზოგადოებას ირაკლი გაბრიაძე ხელმძღვანელობს, რომელიც წარსულში სსიპ "აწარმოე საქართველოში"-ს უფროსის მოადგილე იყო. კორპორაციის
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ირაკლი ნადარეიშვილი, რომელიც ამავდროულად ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს, საბჭოში ასევე შედის ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე და გიორგი ნასარაია, რომელიც რეორგანიზაციამდე "აწარმოე საქართველოში"-ს ფინანსური მენეჯერი იყო.
ამჟამად საკანონმდებლო ბაზაში მიმდინარეობს რიგი ცვლილებები, რომლებიც ეკონომიკის განვითარების კორპორაციას უკავშირდება, უფრო კონკრეტულად კი ყველა დადგენილებაში, რომელიც "აწარმოე საქართველოში"-ს პროგრამების აღწერას შეეხებოდა იცვლება სააგენტოს სახელი და მის ნაცვლად პროგრამების განმახორციელებლად "ეკონომიკის განვითარების კორპორაციის" მითითება ხდება.
2026 წლის განმავლობაში სს "ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" დაფინანსებას მიიღებს ბიუჯეტის იმავე მუხლიდან, რომლითაც ეკონომიკის სამინისტრო სსიპ "აწარმოე საქართველოში"-ს აფინანსებდა, რაც 232.7 მილიონ ლარს შეადგენდა, ჯერჯერობით კორპორაციის ბიუჯეტის კორექტირების შესახებ ან მისთვის ახალი პროგრამების დამატების შესახებ მთავრობის მხრიდან ახალი ბრძანების ან განკარგულების გამოცემა არ მომხდარა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აღნიშნავს, რომ კორპორაციის მიზანი არ უნდა იყოს სოციალური შინაარსის მქონე ბიზნეს პროექტების დაფინანსება, ამასთან, კორპორაციას გარდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებისა უნდა გააჩნდეს დამოუკიდებელი საინვესტიციო ამონაგებიც.
"პრეზენტაციას დიდი ალბათობით წარმომადგენს ის სამინისტრო, რომლის ქვეშაც არის ეს კორპორაცია. მე შემიძლია გითხრათ, რომ კორპორაციას აქვს ორი ფუნქცია, ერთი იმ პროგრამების განხორციელება, რომელიც ისედაც იყო "აწარმოე საქართველოში"-ს ფარგლებში და ეს არის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამები, ეს გაგრძელდება. მაგრამ, ამავდროულად იქნება ამ მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციებიდან ამონაგები. კორპორაცია არ უნდა იყოს სოციალური პროექტების დამფინანსებელი, გარდა იმისა, რასაც ბიუჯეტიდან კონკრეტული საკანონმდებლო კომპონენტებს ამა თუ იმ მიმართულებით ვაძლევთ, დანარჩენი მისი ამონაგები უნდა მოხმარდეს ისევ ინვესტიციებს და ინვესტიციებს იმ სექტორებში, სადაც გარკვეული სახელმწიფო მხარდაჭერა შეიძლება იყოს საჭირო. ეს არ ნიშნავს, რომ სუბსიდიები უნდა იყოს, ეს არის კაპიტალის მოზიდვის ნაწილში დახმარება კორპორაციის მხრიდან. ეს არის ძირითადი ფუნქცია ამ კორპორაციის,"- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.