ელექტროენერგია, რომლის წარმოებაც საქართველოს შეუძლია, შესაძლებელია, ევროპულ ბაზარზე 5-ჯერ ძვირად გაიყიდოს,- ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის დირექტორმა, მაია მელიქიძემ რადიო "კომერსანტის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში 15%-მდე წმინდა ელექტროენერგია შემოვიდა, რაც შავი ზღვის კაბელის მშენებლობასთან ერთად საქართველოს საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
,,ენერგეტიკა საქართველოს სავიზიტო ბარათი, ეკონომიკის ხერხემალია. გამოწვევაა, რომ წლიდან წლამდე მომსახურება გვეზრდება, გენერაციის მაჩვენებელი კი, ბუნებრივია, ამ გამოწვევას ვერ ეწევა. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში დაახლოებით 15%-მდე შემოვიტანეთ წმინდა ელექტროენერგია პროდუქტის სახით ჩვენს კალათაში, თუმცა, ამას დაემატა 10% იმისა, რომ ელექტროენერგიის გენერაცია განვახორციელეთ თბოელექტროსადგურების გამოყენებით, სადაც აზერბაიჯანიდან იმპორტირებულ გაზს ვიყენებთ. რა თქმა უნდა, ესეც და შავი ზღვის კაბელის მშენებლობასთან გადადგმული ნაბიჯები არის სიგნალი, რომ ინვესტორებისთვის უფრო საინტერესო გახდეს ჩვენი ქვეყნის ეს სექტორი.
ელექტროენერგია, რომლის წარმოებაც შეგვიძლია კონკრეტულ ფასად, შესაძლებელია, ევროპულ ბაზარზე 5-ჯერ ძვირადაც გაიყიდოს, ვინაიდან რესურსული თვალსაზრისით ევროპა არ არის მდიდარი და ვერ ახდენს ელექტროენერგიის გენერაციას იმ დოზით, რომ მოთხოვნა-მიწოდების ნაწილი უზრუნველყოს. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უნიკალურია, მსგავსი პროექტი არ არსებობს და ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს,- აღნიშნა მაია მელიქიძე.