მსოფლიოს ოცი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის მილიარდერებმა გასულ წელს 2.2 ტრილიონი დოლარის ოდენობის ჯამური მოგება მიიღეს. არასამთავრობო ორგანიზაცია „ოქსფამის“ ანალიზის თანახმად, ეს თანხა საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ მსოფლიოში სიღარიბე აღმოფხვრილიყო.

ბრიტანეთში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სიღარიბის დაძლევის საკითხებზე მუშაობს, ამ შაბათ-კვირას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაგეგმილი „დიდი ოცეულის“ სამიტის მონაწილეებს მოუწოდებს, რომ მასპინძელი ქვეყნის მაგალითს მიბაძონ - უკიდურეს უთანასწორობას ებრძოლონ და შეამსუბუქონ საგარეო ვალის ტვირთი, რომელიც განვითარებად ქვეყნებს ძირს უთხრის.

„გარდა იმისა, რომ 2024 წელს 2.2 ტრილიონი დოლარის მოგება მიიღეს, G20-ის 19 წევრ ქვეყანაში მცხოვრები მილიარდერების ქონება 15.6 ტრილიონ დოლარამდე (+16.5%) გაიზარდა“, - ნათქვამია „ოქსფამის“ ანალიზში, რომელიც ჟურნალ „ფორბსის“ მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიას ეყრდნობა.

„ამჟამად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები 3.8 მილიარდი ადამიანის გაჭირვებიდან გამოსაყვანად საჭირო წლიური ხარჯი 1.65 ტრილიონი დოლარია“, - მიიჩნევს ბრიტანული ორგანიზაცია.

„ოქსფამი“ მხარს უჭერს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წინადადებას, რომ კლიმატის ცვლილების საკითხებზე მომუშავე სამთავრობათაშორისო ჯგუფის (IPCC/GIEC) მსგავსად, უთანასწორობასთან ბრძოლის საერთაშორისო საკონსულტაციო კომიტეტი „დიდი ოცეულის“ ფარგლებშიც შეიქმნას.

„თუ სამხრეთ აფრიკაში შეკრებილი G20 უთანასწორობის საკითხებზე ახალ საერთაშორისო საკონსულტაციო კომიტეტს შექმნის, ეს იქნება უზარმაზარი ნაბიჯი სიღარიბის დაძლევისკენ მიმართულ ბრძოლაში“, - აცხადებს „ოქსფამის“ აღმასრულებელი დირექტორი, ამიტაბ ბეჰარი.

არასამთავრობო ორგანიზაცია გამოდის მოწოდებით, რომ ყველა მდიდარი ადამიანი მსოფლიოში „სამართლიანად დაიბეგროს“, რათა ამით სიღარიბის დაძლევა და კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა გაადვილდეს.

აშშ-ის მთავრობა იოჰანესბურგის სამიტს ბოიკოტს უცხადებს და მის მუშაობაში არ მონაწილეობს. „ოქსფამი“ ვაშინგტონს „დამღუპველი პოლიტიკის გატარებაში“ ადანაშაულებს, რომელიც „უთანასწორობას ზრდის“. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, აშშ-ის „დამღუპველი პოლიტიკა“ „გაუაზრებელ საბაჟო ტარიფებში, რეაქტიულ საგადასახადო შეღავათებსა და ბიუჯეტის შემცირებაში“ გამოიხატება.

G20 შედგება 19 ქვეყნის, ევროკავშირისა და აფრიკის კავშირისგან; ის მსოფლიო მშპ-ს 85%-სა და პლანეტის მოსახლეობის ორ მესამედს წარმოადგენს.

წყარო: 1tv.ge