რუსეთიდან დეპორტირებული სატვირთოების მძღოლები საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მხარდაჭერას ითხოვენ – ამის შესახებ ინფორმაციას სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული გადამზიდავი მძღოლების საინიციატივო ჯგუფის განცხადება დღეს შევიდა, რომელსაც თან დაერთო ექვსი დეპორტირებული მძღოლის დოკუმენტაცია.

„ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებამ, რომელიც კალენდარული წლის განმავლობაში 90-დღიანი ვადის გადაჭარბების შემთხვევაში ქართველი სატვირთო მძღოლების დაჯარიმებას და დეპორტაციას ითვალისწინებს, საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული მძღოლების უარყოფითი რეზონანსი გამოიწვია.

ქართველ გადამზიდავ მძღოლებს შორის უკვე ფიქსირდება დაჯარიმებისა და დეპორტირების პირველი შემთხვევები.
ასეთ პირობებში ქართველი მძღოლი რუსეთის მიმართულებით მომდევნო რეისის განხორციელებისას, სავარაუდო დეპორტის საფრთხის გამო, არაპროგნოზირებად და გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა“ – ნათქვამია განცხადებაში.