„თუ DCFTA და კანდიდატის სტატუსი შეჩერდება, ეს საქართველოსთვის როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად კატასტროფა იქნება“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განაცხადა.
შეგახსენებთ, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) გადახედვას არ გამორიცხავს. მისივე განცხადებით, შესაძლოა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი გაიყინოს, ხოლო ვიზალიბერალიზაცია გახმობილ იქნას.
„ეს განცხადება არ ნიშნავს, რომ DCFTA აუცილებლად შეჩერდება, თუმცა, მიმართულება აქეთ მიდის და ცხადია, განცხადებას თავის საფუძველი გააჩნია. შეიძლება ითქვას, ჩვენი ქვეყნის უახლოეს წარსულში ეკონომიკური და პოლიტიკური კუთხით DCFTA არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი; მას სწორად გამოყენების შემთხვევაში შეეძლო ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი სარგებლის მოტანა. ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ჩვენი ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის არის უმნიშვნელოვანესი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ დოკუმენტზე რამდენიმე წელია ხელი მოწერილია, ჩვენთვის სამწუხაროდ, ექსპორტი დიდი მოცულობა ევროპისკენ არ მიდის, მაგრამ, რა თქმა უნდა, პერსპექტივა არსებობს, რომ ექსპორტი ევროკავშირში გაიზარდოს. ევროკავშირი გაცილებით სტაბილური და გადახდისუნარიანი ბაზარია, ვიდრე დსთ-ს სივრცე. თუ DCFTA და კანდიდატის სტატუსი შეჩერდება, ეს საქართველოსთვის როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად კატასტროფა იქნება“, - აღნიშნავს ბეჟიტაშვილი.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების გადახედვა და რაიმე ფორმით შეზღუდვა მოხდება, ბიზნესი ალტერნატიულ ბაზრებს მოძებნის, მაგრამ საქართველო დაკარგავს ევროკავშირის 500-მილიონიან გადახდისუნარიან ბაზარს, რაც ექსპორტიორებისა და ზოგადად ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება.
„თავის დროზე, სანამ ჩვენ გვექნებოდა ეს შესაძლებლობა და DCFTA-ის შეთანხმებას ხელი მოეწერებოდა, პროდუქცია გადიოდა სხვა ქვეყნებში ექსპორტზე. შეჩერების შემთხვევაში ანალოგიურად ბიზნესი თავის გზას პოულობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე სახით გაუფასურდება DCFTA-ის მნიშვნელობა. რთული პირობებია ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით კი სატარიფო ომის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის 500-მილიონიან ბაზართან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება იყოს. ევროკავშირის ბაზარი არის გადახდისუნარიანი, სადაც შეიძლება ხარისხზე ორიენტაცია და მაღალი სტანდარტების დანერგვა“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.
ცნობისათვის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაუმჯობესებული სავაჭრო რეჟიმი 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა. DCFTA-ის ფარგლებში საქართველოს ნულოვანი საბაჟო ტარიფით 10 000-მდე დასახელების, პროდუქციის ექსპორტირების უფლებას იძლევა. DCFTA-ის მოლაპარაკებებისათვის მომზადების პროცესი კი 2009 წელს დაიწყო. DCFTA-ის ამოქმედებით, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი ეხსნება, რომელიც 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს.