პოლიტიკური პოლარიზაცია და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობები საქართველოს ეკონომიკისთვის რისკად რჩება - S&P.
S&P-ი საქართველოს ეკონომიკის საშუალოვადიან რისკებს შორის პოლიტიკურ გაურკვევლობასა და დასავლეთთან ურთიერთობებს ასახელებს.
S&P Global Ratings-ის შეფასებით, საქართველოს ძლიერი ეკონომიკური და ფისკალური მაჩვენებლების მიუხედავად, ქვეყნის საკრედიტო პროფილისთვის მნიშვნელოვან საშუალოვადიან რისკებად კვლავ მაღალი პოლიტიკური პოლარიზაცია და ევროკავშირსა და აშშ-სთან ურთიერთობების გაუარესება რჩება.
სააგენტომ 7 აგვისტოს საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB/B“ დონეზე დაადასტურა, ხოლო პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა. პოზიტიური პერსპექტივის საფუძვლად S&P ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, ფისკალურ დისციპლინასა და ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებას ასახელებს.
ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია კვლავ მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის საარჩევნო პერიოდის შემდეგ საპროტესტო აქტივობის ინტენსივობა შემცირდა და პოლიტიკური დაპირისპირება მთავრობის ყოველდღიურ ფუნქციონირებას მნიშვნელოვნად არ აფერხებს, ოპოზიციური პარტიების ნაწილის პარლამენტის ბოიკოტი გრძელდება.
S&P განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირთან ურთიერთობებზე. სააგენტოს შეფასებით, ურთიერთობები „მნიშვნელოვნად გაცივდა“, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული თანამშრომლობა ფაქტობრივად შეჩერებულია. S&P საშუალოვადიან პერიოდში გაწევრიანების პროცესის განახლებას საბაზისო სცენარად არ განიხილავს.
სააგენტო ასევე მიუთითებს აშშ-სთან დაძაბულ ურთიერთობებზე, თუმცა აღნიშნავს, რომ მათ ამ ეტაპზე შედარებით შეზღუდული პრაქტიკული შედეგები მოჰყვა. S&P-ის შეფასებით, უახლოეს მომავალში ურთიერთობების მნიშვნელოვანი ესკალაციის რისკი შედარებით დაბალია.
ეკონომიკური თვალსაზრისით მთავარი რისკი ინვესტიციებსა და ზრდას უკავშირდება. S&P მიიჩნევს, რომ შიდა პოლიტიკური გაურკვევლობა, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების ცვლილება საშუალოვადიან პერიოდში შესაძლოა ეკონომიკურ ზრდასა და საინვესტიციო აქტივობაზე უარყოფითად აისახოს. ამასთან, სააგენტო ხაზს უსვამს, რომ აღნიშნულ ფაქტორებს საქართველოს მიმდინარე მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე ჯერჯერობით მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია.