"აგრო 1959"-ის მმართველი პარტნიორის გიორგი ხანიშვილის განცხადებით, სტაბილური დაბალი ფასების საფუძველი ადგილობრივი წარმოებების ზრდაა.
როგორც მან გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა, საქართველოში ძირითადად იმპორტირებულ პროდუქციას მოვიხმართ, რაც თავისთავად უფრო ძვირ პროდუქციას ნიშნავს.
"ჩვენთან საფასო პოლიტიკის, ძვირი ფასების განმაპირობებელი უპირველესი ფაქტორი არის ის, რომ ჩვენ იმაზე ბევრად ნაკლებ პროდუქციას ვაწარმოებთ, ვიდრე ჩვენ გვჭირდება. რა თქმა უნდა, შეგვიძლია იმ რაოდენობის პროდუქციის წარმოება, რა მოთხოვნაც დღეს არის. იქ სადაც ჩვენ მივაღწიეთ წარმოების მოცულობის ზრდას (მათ შორის, ღვინის, კარტოფილის და სხვ) გავიტანეთ ექსპორტზეც და მოვიხმარეთ ადგილობრივ ბაზარზეც. თუმცა იმ მიმართულებით, სადაც ჩვენ წარმოების ზრდა არ გვაქვს, იქ არის დეფიციტი, რომლის შევსება ძვირადღირებული პროდუქციით ხდება. სამთავრობო, საპარლამენტო კომისია, ჩემი აზრით, მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ აი ამ მთლიან პრობლემაში დარეგულირდეს ის ჩარჩო ინდიკატორები, რომლებიც ამ პრობლემის დადებით გადაწყვეტაზე იმუშავებს. აქ იგულისხმება ის, რომ საბითუმოს აქვს სხვა მოთხოვნა და პრეტენზია, რითეილს აქვს თავისი მოთხოვნა და ა.შ. ეს უნდა გათვალისწინდეს.
ქართული ფერმერული მცირე წარმოება ვერ უზრუნველყოფს ერთგვაროვანი პროდუქციის სტაბილურ მიწოდებას. მას უნდა სტაბილური მიმწოდებელი გახდეს. ამისათვის კი, უნდა მოხდეს ქართული პროდუქციის მასშტაბების ზრდა და იმ სფეროების განვითარება, რომლებიც დღესღეობით ნაკლებად არის განვითარებული. ჩვენი საშუალო საჰექტრო მოსავლიანობა 4-5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ჩვენი მეზობელი ქვეყნების საშუალო მოსავლიანობა - ეს თვითღირებულებას აძვირებს და ბაზარზე პროდუქციის მიწოდება ფერხდება", - აცხადებს გიორგი ხანიშვილი.