ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც ექსპორტ-იმპორტის მოცულობამ 2024 წელს მილიარდ 915 მილიონი დოლარი შეადგინა. საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან გასულ წელს 16.8%-ით გაიზარდა. შედეგად, ჩინეთი ჩვენი ქვეყნის სავაჭრო პარტნიორების რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს. პირველ სამეულში თურქეთი, რუსეთი და აშშ შედიან. საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებში მთავარი ადგილი იმპორტს უკავია.

 

ეკონომისტი გია ჯანდიერი ,,კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობებს მიესალმება, თუმცა აცხადებს, რომ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. მისი განცხადებით, სავაჭრო ურთიერთობები ვასალურ დამოკიდებულებას არ უნდა დაემსგავსოს და ის პოლიტიკისგან დაცლილი უნდა იყოს. ეკონომისტი ხედავს საფრთხეს, რომ ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებამ შესაძლოა საქართველოს სხვა ბაზრებისკენ მიმავალი გზა ჩაუკეტოს და მხოლოდ ჩინეთზე დამოკიდებული გახადოს, რისი გამოცდილებაც ჩვენს ქვეყანას რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებში უკვე აქვს.

 

,,თუ ჩინეთთან იქნება ვაჭრობის შეთანხმება და არა ვასალობის შეთანხმება, რომლის შედეგადაც ჩვენ იძულებული გავხდებით, რომ სხვა ბაზრებზე უარი ვთქვათ და მხოლოდ ჩინეთთან გვქონდეს ურთიერთობა, ეს არ იქნება კარგი. ასეთი გვქონდა რუსეთთან და მძიმე შედეგებით დავამთავრეთ. ამიტომ ჯობია, რომ ფრთხილად ვიყოთ. ჩვენ თუ თავისუფალ ვაჭრობაში ვიქნებით და პოლიტიკას ნაკლებად შევურევთ ამაში, მაშინ ჩვენს მომხმარებელს უნდა მივენდოთ. ისინი თვითონაც მოიფიქრებენ რისი ყიდვა უნდათ და რისი ყიდვა არ უნდათ. მაგრამ მეორეს მხრივ, არ მჯერა, რომ ეს პოლიტიკისგან დაცლილი ურთიერთობაა და მხოლოდ და მხოლოდ ვაჭრობაა.’’- აცხადებს გია ჯანდიერი.

ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო პარტნიორობის გაღრმავებას ეკონომისტი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებით ხსნის, რომელიც 2017 წელს გაფორმდა. გია ჯანდიერი განმარტავს, რომ საქართველოს ასეთივე ხელშეკრულება აქვს ევროკავშირთან, თუმცა ამ შემთხვევაში შეთანხმებამ ვერ იმუშავა და ევროკავშირთან ვაჭრობის მოცულობა არ გაზრდილა.

,,ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს და რაღაც მომენტში ეს იმუშავებდა უფრო მეტად, ვიდრე მანამდე მუშაობდა. ჩვენ ასეთივე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს ევროკავშირთან, რომელიც უფრო ადრე დაიდო. ყოველთვის იმედი მქონდა, რომ ეს ევროკავშირთან ჩვენს მეტ ინტეგრაციას განაპირობებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. თუ არ ჩავთვლით ბოლო თვეებს, ევროკავშირთან ვაჭრობა არ გაზრდილა. საერთოდაც, თუ ავიღებთ იმას, რომ ევროკავშირშიც და ჩვენთანაც საკმაოდ სერიოზული ინფლაცია იყო, შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირთან მოცულობაში ვაჭრობა პრაქტიკულად არც გაზრდილა. ასეთი დიდი სავაჭრო ქვეყანა, როგორიც დღეს ჩინეთია, მსოფლიოში თითქმის ყველასთან აქვს მას დადებითი სავაჭრო ბალანსი. მეტს ყიდის ჩინეთი, ვიდრე ამ ქვეყნებისგან ყიდულობს. ეს საკვირველი არ არის.’’- აცხადებს გია ჯანდიერი.

ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ჩინეთისა და დაბალი კლასის ბაზრებზე ორიენტაცია მიანიშნებს, რომ საქართველო მზად არ არის აწარმოოს მაღალი ხარისხის პროდუქცია. გია ჯანდიერის აზრით, თუ დაბალხარისხიანი პროდუქციის გაყიდვის მცდელობას გავაგრძელებთ და ჩვენს ნაწარმს ასეთ ბაზრებზე შევიტანთ, მით უფრო ნაკლები შანსი გვექნება მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების.

,,რამდენად სასარგებლოა ჩვენთვის, რომ ამ მიმართულებით მივდივართ და არა ევროკავშირის? ევროკავშირში ბევრი რამე არის უფრო მაღალი ხარისხის ვიდრე ჩინეთში. ალბათ, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ უფრო ამ მიმართულებით გვქონდა ინტერესი. ჩვენი მიდრეკილება, რომ დაბალი კლასის მომხმარებლებზე გვქონდეს ორიენტაცია (ეს ჩინეთში იქნება, რუსეთში თუ სხვა ქვეყნებში) ეს ალბათ იმას ნიშნავს, რომ მზად არ ვართ ხარისხიანი პროდუქცია გამოვუშვათ. ამიტომ, რაც მეტ ქვეყანასთან გვექნება ურთიერთობა, სადაც ჩვენ შევეცდებით, რომ ჩვენი დაბალხარისხიანი პროდუქცია გავყიდოთ, მით უფრო ნაკლები შანსი გვექნება, რომ ხარისხიანი პროდუქცია გამოვუშვათ და ვიზრუნოთ მაღალ გადახდის უნარიან ბაზრებზე შესვლაზე. სხვა მხრივ მე მომხრე ვარ თავისუფალი ვაჭრობის. ყოველგვარი პირობების გარეშე. მათ შორის ჩინეთთანაც.’’- აცხადებს გია ჯანდიერი.