ბოლო 10 წელიწადში განმავლობაში საქართველო 264 ათასმა მოქალაქემ დატოვა. საქსტატის მიგრაციის სტატისტიკის თანახმად, ქვეყანას თითქმის ყოველწლიურად უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს, ვიდრე უკან ბრუნდება - გამონაკლისი ბოლო 10 წლის განმავლობაში მხოლოდ 2020 და 2024 წელი იყო. 2020 წელს პანდემიიდან გამომდინარე 23 ათასი ემიგრანტი უკან დაბრუნდა, ხოლო 2024 წელს კი დადებითმა სალდომ 842 მოქალაქე შეადგინა. სხვა ყველა წლის განმავლობაში ქვეყანა ათასობით მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე უკან დაბრუნდა. ყველაზე მწვავე ემიგრაციის მაჩვენებელი 2023 წელს იყო, როდესაც უარყოფითმა სალდომ 71,584 შეადგინა.

მთლიანობაში ბოლო 10 წლის განმავლობაში სულ მცირე ერთი წლის პერიოდით მაინც ემიგრაციაში 880 ათასი საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა, რომელთა ერთი მესამედიც (264 ათასი ადამიანი) კვლავ ემიგრაციაშია. საქართველოდან ემიგრაცია ძირითადად სამსახურის პოვნისთვის, ასევე განათლების მიღებისთვის ხდება. ემიგრაციის სხვა მიზეზებია უცხოეთში დაოჯახება, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება და ასე შემდეგ.

ემიგრანტებს შორის დაახლოებით 55-60% მამაკაცია, ხოლო ემიგრანტების უდიდესი ნაწილი შრომისუნარიანი ასაკისაა, შესაბამისად მათი ქვეყნიდან გასვლა ქვეყნის სამუშაო ძალასაც აკლდება.

ოფიციალური მეთოდოლოგიის მიხედვით, ვინ ითვლება ემიგრანტად?

ემიგრანტი არის პირი, რომელმაც დატოვა საქართველო და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე გასვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ხოლო საქართველო იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას ქვეყნიდან გასვლამდე წინა 12 თვეში საქართველოში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე.

მეთოდოლოგიის მიხედვით, ვინ ითვლება იმიგრანტად?

პირი, რომელმაც გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე შემოსვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველო არ იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას საქართველოს საზღვრებს გარეთ წინა 12 თვეში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე).

შესაბამისად, ემიგრანტების სტატისტიკაში მოხვედრა შეუძლია საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირს, თუკი იგი ქვეყანას დატოვებს წლის განმავლობაში არანაკლებ 6 თვის განმავლობაში.

ანალოგიურად, იმიგრანტების სტატისტიკაში მოხვედრა შეუძლიათ როგორც უცხოეთის, ასევე საქართველოს მოქალაქეებს თუკი ისინი მუდმივად უცხოეთში ცხოვრების შემდეგ საქართველოში 6 თვეზე მეტი ხნით შემოვლენ.

შესაბამისად, პირი შეიძლება ერთი წლის განმავლობაში აღრიცხული იყოს როგორც იმიგრანტი, ხოლო მეორე წელს ემიგრანტი.

მიგრაციის ასეთი ციკლური ხასიათი ნიშნავს იმას, რომ მაღალი ალბათობით იმ პირთა რაოდენობა, ვინც საქართველო ბოლო 10 წელში ერთხელ მაინც დატოვა 6 თვეზე მეტი ვადით უფრო ნაკლებია ვიდრე 880 ათასი, რადგან იგივე პირი შესაძლოა სხვა წელს კვლავ ქვეყანაში დაბრუნდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ (6 თვეზე მეტი ხნის შემდეგ) ქვეყანა კვლავ დატოვა, ანუ ემიგრანტად და იმიგრანტად აღირიცხა ერთზე მეტჯერ.

რაც შეეხება საქართველოში სხვა ქვეყნის მოქალაქეთა იმიგრაციას - საქსტატის თანახმად, 2022-2024 წლებში საქართველოში გრძელვადიან მიგრანტად რუსეთის 72 ათასი მოქალაქე დარჩა. ასევე მზარდია იმიგრაცია სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი ინდოეთიდან, რაც ძირითადად განათლების მიღებას უკავშირდება.

წყარო: bm.ge