„ქართული ოცნების“ მთავრობის განცხადებით გონიოში, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, იმ კომპანიის წილის 33 პროცენტის მესაკუთრე კი, რომელიც გონიოში პროექტს განახორციელებს, საქართველო იქნება.
საუბარია თბილისსა და ბათუმში ჯამში 6,6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე.

ახალი პროექტი ჭოროხის შესართავთან, გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე / „იგლ ჰილს საქართველოს“ რენდერები
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით „მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია „იგლ ჰილსის“ [Eagle Hills] დამფუძნებელმა მოჰამედ ალი ალაბარმა ხელი მოაწერეს საინვესტიციო შეთანხმებასა და საერთო კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ ხელშეკრულებას, რომელთა ფარგლებშიც „იგლ ჰილსი“ თბილისსა და გონიოში, ჯამურად, 6,6 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების დეველოპერულ პროექტებს განახორციელებს, ხელმოწერა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.“
„შეთანხმების თანახმად, საქართველო პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა,“ – აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო.
დეტალური ინფორმაცია, რაზე შეთანხმდნენ სახელმწიფო და კერძო კომპანია, ჯერ-ჯერობით უცნობია.

ახალი პროექტი ჭოროხის შესართავთან, გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე / „იგლ ჰილს საქართველოს“ რენდერები
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის თქმით კი, 22 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმებით, სახელმწიფო Eagle Hills-ის ქართული შვილობილის 33%-ის მფლობელი იქნება.
„დღეს ხელი მოეწერა საბოლოო დოკუმენტაციას, რომლითაც შეიქმნა ერთობლივი საწარმო, სადაც სახელმწიფო და ინვესტორი საპარტნიორო ურთიერთობებში შევიდნენ და პრინციპში დასრულდა მოლაპარაკებების უმნიშვნელოვანესი ფაზა, სადაც გაწერილია ყველა კომერციული პირობა, ვალდებულებები, როგორც სახელმწიფოს, ასევე ინვესტორის მხრიდან. პროექტი გადადის მომდევნო ფაზაზე, როდესაც ჩვენ მომდევნო წლის ზაფხულის პერიოდში უკვე ველოდებით დასრულებას იმ პროცესის, რასაც ჰქვია ნებართვების შეთანხმება, გენგეგმის დამტკიცება და გზშ. საკმაოდ გრძელი სიაა ნებართვების და დოკუმენტების.
მომავალი წლის ზაფხულში დაიწყება მშენებლობის ფაზა.
ჩვენი მონაწილეობა ამ პროექტში განისაზღვრება მიწის კონტრიბუციით, ინვესტორის მონაწილეობა ამ პროექტში განისაზღვრება დაფინანსებით და მართვით“ – თქვა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით „სახელმწიფო პროექტში უძრავი ქონებით, გონიოში არსებული 260 ჰექტრით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტრით შედის, ინვესტორმა კი უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი და მოიზიდოს მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი, რაც წინასწარი შეფასებით 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. არსებული პირობებით, სახელმწიფო კაპიტალის მოზიდვის კომპონენტში ჩართული არ იქნება და აღნიშნული რისკი ინვესტორის მხარეს იქნება“.
ინვესტორი უშუალოდ ჩადებს 6,6 მილიარდ აშშ დოლარს თუ მისი ვალდებულება მხოლოდ „კაპიტალის მოზიდვა“ იქნება, გაურკვეველია, თუმცა მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ ინვესტიციას Eagle Hills-ი ჩადებს.
„დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ერთი კომპანიიდან მოზიდულ 6,5 მილიარდ ამერიკულ დოლარზე“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ მინისტრმა
გონიოსა და კრწანისის პროექტების რენდერები თავის გვერდზე უდევს შპს „იგლ ჰილს საქართველოს“, რომელმაც თბილისში ოფისიც გახსნა.
„იგლ ჰილს საქართველო“ თბილისში 2025 წლის 28 აპრილს დარეგისტრირდა. ამ კომპანიის დირექტორია ორმაგი [ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საამიროები] მოქალაქე ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი. კომპანიის 100 პროცენტი წილის მფლობელი/დამფუძნებელი კი იყო შპს „ჯაონა ინვესთმენთ“ [არაბთა გაერთიანებული საამიროები].
„იგლ ჰილს საქართველოს“ მეწილე, კომპანიის დაფუძნებიდან ხუთ თვეში, 2025 წლის სექტემბერში შეიცვალა და ამჯერად 100 პროცენტი წილის მესაკუთრეა შპს „იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედ“ [არაბთა გაერთიანებული საამიროები].
კომპანიას, სადაც საქართველოს სახელმწიფო 33 პროცენტი წილის მფლობელი იქნება, სავარაუდოდ, ცალკე დააფუძნებენ.
„ბათუმში, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, 250 ჰექტარზე, იქმნება შავი ზღვის სანაპიროს ახალი მარგალიტი – პრემიუმ კლასის კურორტი, რომელიც უმაღლესი კლასის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს“ – განაცხადა „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.
2 264 823 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი [ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია] გონიოში 2025 წლის 23 ოქტომბრის მდგომარეობით სახელმწიფოს საკუთრებაშია. სახელმწიფოს საკუთრებაშია ასევე მომიჯნავე 314 177 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი უშუალოდ პლაჟთან [ანუ ჯამში 257,9 ჰექტარი].

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია [მონიშნულია ყვითელი ფერით], სადაც „ოცნების“ მთავრობა ახალ პროექტს აანონსებს
„გონიოს მიმდებარე ტერიტორიისა და კრწანისის პარკის განვითარების საინვესტიციო პროექტების ხელშესაწყობად“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის მარტის განკარგულებით მთელ რიგ სამინისტროებს დაევალათ უზრუნველყონ „ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება და უწყებათშორისი კოორდინაცია“, მათ შორის – ზურმუხტის ქსელის [ჭოროხის დელტაში, ყოფილი პოლიგონის მიმდებარედ] საზღვრების კორექტირება.

ახალი პროექტი ჭოროხის შესართავთან, გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე / „იგლ ჰილს საქართველოს“ რენდერები
„ოცნების“ ხელისუფლება ბოლო რამდენიმე წელია საუბრობს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის განვითარებაზე, მოამზადეს კონცეფციებიც, თუმცა დღეს, როცა აცხადებენ, რომ ხელშეკრულება ფაქტობრივად გაფორმებულია, ეს ტერიტორია განაღმულიც კი არ არის.
მიუხედავად ამისა, „ოცნებას“ 2016 წელს სხვა არაბი ინვესტორები ადგილზეც ჰყავდათ მიყვანილი.
2017 წელს გონიოს ყოფილ პოლიგონზე მთავრობამ საინვესტიციო კონცეფციაც მოამზადა, თუმცა ეს კონცეფცია განსხვავდება არაბული კომპანიის, „იგლ ჰილს საქართველოს“ მიერ ამჯერად წარმოდგენილი რენდერისგან.
2019 წელს თავდაცვის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „ტერიტორიის თითქმის ნახევარი უკვე განაღმულია,„კლიმატური პირობებიდან გამომდინარე რთულია სამუშაოები და, შესაბამისად, განაღმვის პროცესი გრძელდება“.
გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი რუსეთის ჯარმა 2005 წელს ისე დატოვა, რომ ტერიტორია არ გაუნაღმია. 2010 წლის თებერვალში გონიოს პოლიგონზე ჯართად შეგროვებულ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს ბილვანიძეების ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა. თავდაცვის სამინისტროში მაშინ განაცხადეს, რომ ყოფილი პოლიგონის განაღმვა, სავარაუდოდ, 2010 წლის ბოლომდე დასრულდებოდა.
2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ „ქართულმა ოცნებამ“ გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებაზე მორიგი გეგმა დააანონსა, თუმცა, არჩევნების შემდეგ ამ ადგილის „განვითარება“ არავის გახსენებია.
ახალი არაბული ინვესტიციის დაანონსების შემდეგ კი გონიოს ყოფილი პოლიგონის განაღმვის სამუშაოების გაგრძელება კვლავ დღის წესრიგში დადგა და საქმეში თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ცენტრი „დელტაც“ ჩართეს.