ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის შედეგი, დამოკიდებული იქნება კონფლიქტის ხანგრძლივობაზე. ჩვენი მოლოდინით, კონფლიქტის გავლენა საქართველოში არა მიწოდებაზე, არამედ ფასებზე აისახება, - ამის შესახებ „აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ლეა გუტიერესმა „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გავლენა საქართველოში ინფლაციურ წნეხს გაზრდის, ამასთანავე, მოსალოდნელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან ტურისტული ნაკადების შემცირება.
„საქართველო ენერგორესურსების წმინდა იმპორტიორია, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის შედეგი, დამოკიდებული იქნება კონფლიქტის ხანგრძლივობაზე. ჩვენი მოლოდინით, კონფლიქტის გავლენა ძირითადად არა მიწოდებაზე, არამედ ფასებზე აისახება. ამ პირობებში მთავარი გამოწვევა ინფლაციური წნეხის ზრდაა, რადგან ენერგორესურსების გაძვირება ფასების ზრდას იწვევს“, - დასძინა მან.
ამასთან, ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ შუა დერეფანში გადაზიდვების საშუალებით საქართველომ შესაძლოა, ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებაზე წნეხი გარკვეულწილად შეარბილოს.
„შექმნილ ვითარებაში შესაძლებელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება, რადგან არსებობს გარე რისკები. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს შესაძლოა, ტურიზმზეც ჰქონდეს ეფექტი, ვინაიდან საქართველოში ტურისტების ნაწილი სწორედ ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან მოდის.
ამასთან, როგორც სატრანზიტო ეკონომიკას შუა დერეფანში, საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის აქტივობის ზრდის მეშვეობით გარკვეულწილად შეუძლია, რომ შეარბილოს რისკები“, - განაცხადა ლეა გუტიერესმა.
ვრცლად: www.interpressnews.ge