გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დაზღვევის დღის აღნიშვნის ღონისძიებას დაესწრო.
მისასალმებელი სიტყვით გამოსვლის დროს, მინისტრმა სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებს დაზღვევის დღე მიულოცა და აგროწარმოებაში დაზღვევის სისტემის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მხოლოდ მაშინ არის ძლიერი სექტორი, როცა ყველა შესაბამისი მხარეა ჩართული. მინდა ბევრი წარმატება ვუსურვო დაზღვევის სექტორს, რომლის ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ. მქონდა შესაძლებლობა, რომ წინა ორ ღონისძიებას დავსწრებოდი დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელის რანგში, სადაც აქტიური შეხება მქონდა კონკრეტულად საკანონმდებლო ნაწილთან.
აგრარული დარგი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელშიც განსაკუთრებული ძალისხმევაა საჭირო სადაზღვევო სექტორის განვითარებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ 11 წელი აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა არსებობს, ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრი შესაძლებლობა და ბევრი გამოწვევა გვაქვს. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანის, სადაზღვევო სექტორის ჩართულობით, გამოწვევებს გავუმკლავდებით.
მინდა დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი მხრიდან აგროდაზღვევის პროგრამა იქნება კიდევ უფრო გაძლიერებული და გააქტიურებული.
კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, გისურვოთ წარმატებები და მადლობა გადაგიხადოთ იმ საქმისთვის, რასაც თითოეული თქვენგანი აკეთებს!“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 1997 წლის 2 მაისს ხელი მოეწერა დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონს. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივით, სადაზღვევო სექტორის უშუალო ჩართულობითა და საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის მხარდაჭერით, დაზღვევის დღე საქართველოში 2022 წლიდან 2 მაისს აღინიშნება.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს