2024 წლის 2 მაისს, საფრანგეთსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საქართველოში საფრანგეთის ელჩს შერაზ გასრისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) გენერალური დირექტორის მოადგილე ბერტრან ვალკენერს შორის. ეს უკანასკნელი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება თბილისში აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული დიდი ხნის  თანამშრომლობა და AFD ჯგუფის ერთგულება, რომ გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, არა მხოლოდ არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებით (ენერგია, დაკავშირებადობა, წყალი, ადამიანური კაპიტალის განვითარება), არამედ ევროპასთან დაახლოების განახლებული პერსპექტივის ფარგლებშიც, ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების  შემდეგ.

ამ შეხვედრის წინ, ელჩმა და პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერეს ორ სტრატეგიულ დოკუმენტს, რომლის მიზანია ფრანგულ-ქართული ურთიერთობების გაძლიერება. ესენია ურთიერთგაგების მეორე მემორანდუმი AFD-სა და საქართველოს ფინანსთა მინისტრს შორის 2024-2027 წლების თანამშრომლობის ჩარჩოს შესახებ და საქართველოში AFD-ის საქმიანობის დამფუძნებელი 2014 წლის მთავრობათაშორის შეთანხმების ცვლილება, მასში AFD ჯგუფის ფილიალის Expertise France-ის ინტეგრირების მიზნით, რომლის საქმიანობაც ტექნიკურ თანამშრომლობას მოიცავს.

საფრანგეთი, AFD ჯგუფის მეშვეობით, საქართველოს წამყვანი ფინანსური პარტნიორია 2012 წლიდან 800 მილიონ ევროზე მეტი გამოყოფილი თანხით. AFD ჯგუფი ოპერირებს ევროკავშირის ყველა მეზობელ ქვეყანაში, რომლებიც ჩართულნი არიან წევრი ქვეყნების ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და სოციალურ მიღწევებთან დაახლოების პროცესში, რაც მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას ავსებს.

საფრანგეთის განვითარების სააგენტოს, Proparco-სა და Expertise France-ისგან დაკომპლექტებული AFD ჯგუფი ფინანსური და ტექნიკური ინსტრუმენტების ფართო სპექტრს განაგებს და აქვს შესაძლებლობა, საქართველოს ამბიციური სტრატეგიის სამსახურში ჩააყენოს ფრანგული გამოცდილება უფრო ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისთვის.