საქართველოს ავტომფლობელებისა და ავტოიმპორტიორების ასოციაცია ღია წერილით ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.
ავტომფლობელები, ავტოიმპორტიორები და სექტორში დასაქმებული ადამიანები ივანიშვილს სთხოვენ ხელი შეუწყოს სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელშიც იქნებიან სახელმწიფოს, ექსპერტებისა და სექტორის წარმომადგენლები და შემუშავდეს გონივრული, გარდამავალი პერიოდის რეგულაცია.
ავტოიმპორტის სექტორში დასაქმებულთა მოთხოვნაა, აქცენტი გაკეთდეს რეალურ ეკოლოგიურ კრიტერიუმებზე (ემისიები, ტექნიკური მდგომარეობა) და არა მხოლოდ მაღალ გადასახადებზე.
„ბოლო პერიოდში გაჟღერებული ინიციატივები, რომლებიც 6 წელზე ძველი ავტომობილების იმპორტს შეეხებოდა, შეიცვალა სხვა მიდგომით – განბაჟების ტარიფის მკვეთრი ზრდით. დაინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ახალი ტარიფი დაახლოებით 6-ჯერ აღემატება აქამდე არსებულ განაკვეთებს.
ფორმალურად ამას შეიძლება არ ერქვას „აკრძალვა“, მაგრამ პრაქტიკაში მსგავსი შედეგი გამოიწვევს იმას, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ვერ შეძლებს ასეთი თანხის გადახდას, როცა მანქანის ღირებულება უტოლდება და აღემატება განბაჟების ღირებულებას.
საზოგადოებისთვის დღემდე არ არის წარმოდგენილი სრულყოფილი ანალიზი, განხორციელების დეტალური მოდელი, გარდამავალი პერიოდი და ის მექანიზმები, რომლითაც შეფასდება, რეალურად რა შედეგს მოიტანს ეს ცვლილება, როგორც ეკოლოგიურად, ისე ეკონომიკურად.
ასეთ პირობებში არსებობს მაღალი რისკი, რომ გადაწყვეტილება გამოიწვევს ფასების მკვეთრ ზრდას შიდა ბაზარზე, გაართულებს ავტოპარკის განახლებას და გაზრდის სოციალურ წნეხს.
ვფიქრობთ, რომ პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ ფინანსური ბერკეტით, განსაკუთრებით ამ მასშტაბის ტარიფის ზრდით, ზედმეტად გამარტივებული და მძიმე ტვირთია მოქალაქეებისთვის.
გარემოზე გავლენას განსაზღვრავს არა მხოლოდ ავტომობილის ასაკი ან გადასახადის ოდენობა, არამედ ემისიის სტანდარტი (Euro), ტექნიკური მდგომარეობა და კონტროლის რეალური აღსრულება.
მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის პირობებში ასეთმა ნაბიჯმა შეიძლება ავტოპარკის განახლება კიდევ უფრო გადადოს და ძველი, ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილები უფრო დიდხანს დატოვოს გზებზე, რაც ეკოლოგიურ მიზანსაც დააზიანებს.
გარდა ამისა, მეორადი ავტომობილების სექტორი მხოლოდ იმპორტიორების ბიზნესი არ არის, ეს არის ათასობით ოჯახის შემოსავალი და ფართო ეკონომიკური ჯაჭვი: პორტები, ლოგისტიკა, სერვისი, ავტონაწილები, საბაჟო პროცედურები და ფინანსური მომსახურებები. ტარიფის ასეთი მკვეთრი ზრდა, გარდამავალი პერიოდისა და წინასწარი შეფასების გარეშე, შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს სექტორის აქტივობა და გაზარდოს სამუშაო ადგილების დაკარგვის რისკი“, – ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც საქართველოს ავტომფლობელებისა და ავტოიმპორტიორების წარმომადგენლები ავრცელებენ.
მიმართვაში ნათქვამია, რომ სექტორში სხვადასხვა შეხედულების მოქალაქეები, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც, არიან დასაქმებულები. ისინი წლებია შრომობენ, იხდიან გადასახადებს, საკუთარ ოჯახებს ამ საქმიანობით არჩენენ და ცვლილებები მათზეც აისახება.
სექტორში დასაქმებულები ბიძინა ივანიშვილს სთხოვენ ხელი შეუწყოს ღია პროცესის დაწყებას.
„შეიქმნას სამუშაო ჯგუფი სახელმწიფოს, დამოუკიდებელი ექსპერტებისა და სექტორის მონაწილეობით; საზოგადოებას მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია ცვლილების მიზნებზე, მექანიზმებსა და ვადებზე; ხოლო რეგულაცია დაეფუძნოს რეალურ ეკოლოგიურ ეფექტს: ემისიის სტანდარტს, ტექნიკური კონტროლის გამკაცრებას და გონივრულ გარდამავალ პერიოდს, რათა არ მივიღოთ რეგულაცია, რომელიც ფორმალურად არ კრძალავს, მაგრამ რეალურად მოქალაქეების უმრავლესობას არჩევანს უსპობს,“ – ნათქვამია მიმართვაში.
12 მარტს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შეიცვალა გადაწყვეტილება და საქართველოში 6 წელზე მეტი ხნის მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება. თუმცა ამავე განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ 5.6-ჯერ გაძვირდება 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების განბაჟება.