2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დასაქმების წესი იცვლება. შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები პარლამენტმა 2025 წლის ივნისში მიიღო და ისინი „უკანონო შრომით მიგრაციასთან ბრძოლისა და ადგილობრივი შრომის ბაზრის დაცვის“ მიზანს ემსახურება.
შრომითი საქმიანობის უფლება გულისხმობს, უფლებას, რომელიც "გაიცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ და რომელიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელს ანიჭებს სპეციალურ უფლებას საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა დამოუკიდებლად ან იყოს შრომით ურთიერთობაში ადგილობრივ დამსაქმებელთან საქართველოში ან დისტანციური ფორმით".
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე თანხმობის ან უარის სათქმელად 30 კალენდარული დღე ექნება.
კანონის პირველი მუხლი მე-4 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც უკავშირდება უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობას და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას, თუ იგი:
ა) არის ლტოლვილი, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის მქონე პირი, რომელსაც ეს სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიენიჭა;
ბ) საქართველოში რეგისტრირებულია თავშესაფრის მაძიებლად;
გ) მუშაობს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, უცხო ქვეყნის საკონსულო დაწესებულებაში, საერთაშორისო ორგანიზაციის კანონიერ წარმომადგენლობაში ან/და ორგანოში;
დ) არის საქართველოში კანონიერ საფუძველზე მოქმედი უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალების მიერ აკრედიტებული ჟურნალისტი საქართველოში;
ე) არის პირი, რომელზედაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად ვრცელდება შრომითი მოწყობის ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებული წესი;
ვ) არის მოქმედი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე პირი.
გთხავაზობთ კანონის ნორმების ნაწილს, რომელებიც 1-ელი მარტიდან უნდა ამოქმედდეს.
[მუხლი 134 . შრომით იმიგრანტზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემა]
1. შრომითი იმიგრანტი ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში ვალდებულია მოიპოვოს შრომითი საქმიანობის უფლება ადგილობრივი დამსაქმებლის მეშვეობით, ხოლო თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში − უშუალოდ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე განცხადებით მიმართავს:
ა) თვითდასაქმებული უცხოელი და წარადგენს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტაციას;
ბ) ადგილობრივი დამსაქმებელი, შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ და წარადგენს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტაციას.
3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული განცხადების მიღების შემდეგ იწყებს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემისთვის გათვალისწინებულ პროცედურებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის შესახებ;
ბ) შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უფლებამოსილია შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის გაკეთებული განაცხადის განხილვის პროცესში ადგილობრივ დამსაქმებელს/თვითდასაქმებულ უცხოელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა ან/და ამ პროცესში გამოვლენილი უზუსტობის აღმოფხვრა.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემდეგ შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე მიღებული განცხადების განხილვის საერთო ვადა 30 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს.
6. შრომითი საქმიანობის უფლების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების განხილვის საერთო ვადა 30 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს.
7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებზე შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებენ.
8. შრომითი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის მომსახურების საფასური, მათ შორის, აღნიშნული უფლების დაჩქარებული ადმინისტრაციული წესით გაცემის შემთხვევაში, განისაზღვრება არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით, რომელიც შეიტანება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ბიუჯეტში.
9. მომსახურების საფასურის ოდენობა, გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)]
მუხლი 135 . შრომითი საქმიანობის უფლების გაცემასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები
1. შრომითი იმიგრანტი, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდეგ, ვალდებულია, თუ:
ა) ჯერ არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მისაღებად;
ბ) უკვე იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს შრომითი ბინადრობის ნებართვის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მისაღებად.
2. შრომით იმიგრანტს არ აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების ვალდებულება, თუ მას აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა ან იგი შრომით საქმიანობას სრულად დისტანციურად ახორციელებს და ეს საქმიანობა მის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას არ საჭიროებს.
3. ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია შრომითი საქმიანობის უფლების მქონე შრომით იმიგრანტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის ან შრომით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია ასახოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ან შრომით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.
4. თუ ადგილობრივ დამსაქმებელს სურს თავისთან დასაქმებულ შრომით იმიგრანტთან გააგრძელოს შრომითი ურთიერთობა, იგი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელება ამ შრომით იმიგრანტზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე.
5. თუ თვითდასაქმებულ უცხოელს სურს შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელება, იგი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელება მასზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე.
6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია ადგილობრივ დამსაქმებელსა და შრომით იმიგრანტს/თვითდასაქმებულ უცხოელს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე განცხადების განხილვის შედეგები აცნობოს ელექტრონული ფორმით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. შრომით იმიგრანტზე შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა კონკრეტულ ადგილობრივ დამსაქმებელთან მუშაობის უფლებით, ხოლო თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში − კონკრეტული სპეციალობისა და შრომითი/სამეწარმეო სფეროს მითითებით.
8. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცნობიდან 1 თვის ვადაში.
9. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის/გაცემაზე უარის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება:
ა) საჩივრის განხილვის პერიოდში, არ წარმოშობს ამ უცხოელის საქართველოში მუშაობის უფლებას;
ბ) არ წარმოშობს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების სამართლებრივ საფუძველს;
გ) არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაძევების საკითხის განხილვას ან/და გაძევების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
10. შრომითი საქმიანობის უფლების ვადების, ასევე ამ უფლების გაცემის/გაცემაზე უარის თქმის და გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელების პროცედურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
11. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის/გაცემაზე უარის თქმის თაობაზე ინფორმაციის სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო უწყებებისთვის ხელმისაწვდომობას. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)]
[მუხლი 136 . შრომითი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები
1. შრომით იმიგრანტს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარი ეთქვას, თუ:
ა) განცხადებით წარდგენილია არასრულყოფილი ინფორმაცია ან/და სავალდებულო დოკუმენტაცია და ეს ხარვეზი მისი დადგენიდან 10 კალენდარულ დღეში არ აღმოიფხვრა;
ბ) შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადება ამ კანონის 135 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ვადების დარღვევით არის წარდგენილი;
გ) უცხოელის პროფესია/კვალიფიკაცია და პოზიცია არ შეესაბამება საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და საჭიროებებს ან არის იმ პროფესიებისა და სპეციალობების ჩამონათვალში, რომელიც შეზღუდულია ამ კანონის მე-5 მუხლის „ე1 “ ქვეპუნქტის შესაბამისად დადგენილ ნუსხაში;
დ) დაწყებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა ან მიღებულია უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)]
[მუხლი 161 . შრომითი იმიგრანტის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობის განხორციელება
1. შრომითი იმიგრანტის მიერ ადგილობრივ დამსაქმებელთან/მომსახურების ორგანიზატორთან შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე ნებისმიერი საქმიანობის განხორციელება, რომლისთვისაც შრომითი იმიგრანტი იღებს ანაზღაურებას, −
გამოიწვევს ადგილობრივი დამსაქმებლის/მომსახურების ორგანიზატორის (თითოეულ შრომით იმიგრანტზე ინდივიდუალურად) დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
2. შრომითი იმიგრანტის მიერ ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობის განხორციელება −
გამოიწვევს შრომითი იმიგრანტის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
3. თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობის განხორციელება −
გამოიწვევს თვითდასაქმებული უცხოელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა –
გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
5. ამ პუნქტით ან ამ მუხლის მე-4 პუნქტით სახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის სამმაგი ოდენობით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)]
[მუხლი 162 . შრომის ინსპექციის საქმიანობისთვის ხელის შეშლა ან უცხოელის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის წარუდგენლობა
1. შრომის ინსპექციის მიერ ამ კანონითა და „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას მისი საქმიანობისთვის ხელის შეშლა ან უცხოელის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის წარუდგენლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას:
ა) ადგილობრივი დამსაქმებლის შემთხვევაში:
ა.ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური პირისა − 1 000 ლარის ოდენობით;
ა.ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირისა − 2 000 ლარის ოდენობით;
ა.გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირისა (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, − 2 000 ლარის ოდენობით;
ა.დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირისა (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000 ლარს, − 5 000 ლარის ოდენობით;
ა.ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირისა (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება, − 7 000 ლარის ოდენობით;
ა.ვ) ნებისმიერი სხვა დამსაქმებლისა, მათ შორის, იმ პირისა, რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა), − 1 000 ლარის ოდენობით;
ბ) თვითდასაქმებული უცხოელისა − 5 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)]