ელექტრონული კომერციის ბაზარი კრიზისშია და სექტორი საგადასახადო შეღავათებს ითხოვს. ელექტრონული კომერციის ასოციაციამ უკვე მიმართა ბიზნეს ომბუდსმენს, რათა სახელმწიფომ და ბიზნესმა ერთად იმსჯელონ, რა გზებითა და საშუალებებით მოხერხდება სექტორის დახმარება.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას „ელექტრონული კომერციის ასოციაციის“ პრეზიდენტი თამუნა გოგოლაშვილი განმარტავს, რომ ელექტრონული კომერცია, რომელიც 2020 წლის შემდეგ ასტრონომიული სიჩქარით ვითარდებოდა, ბოლო 1 წელია არა თუ ვითარდება, ბევრი ონლაინ მაღაზია საქმიანობის შეჩერების ზღვარზეა. მძიმე მდგომარეობაა საფოსტო საკურიერო ბაზარზეც.

„ონლაინ კომერცია და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურები, მათ შორის, საფოსტო-საკურიერო ბაზარი, საკმაოდ კრიზისული პერიოდის წინაშე დგას. მოგეხსენებათ, ბოლო 2 წლის განმავლობაში გაიზარდა კონკურენცია საერთაშორისო აქტორების მხრიდან, რამაც გავლენა ქართულ ონლაინ მაღაზიებსა და მათ განვითარებაზეც მოახდინა. სექტორს მცდელობა არ დაუკლია, თუმცა, დღეს ყველა რესურსი ამოწურულია, ხდება ის, რაც ამ მაღაზიების ძალებს უკვე აღარ ემორჩილება. შესაბამისად, ასოციაციამ მიმართა ბიზნეს ომბუდსმენს, მოხდეს საკითხის შესწავლა და ერთობლივად იმსჯელოს ბიზნესმა და სახელმწიფომ, რა შეიძლება, გაკეთდეს იმისთვის, რომ ინდუსტრია, რომელიც 2020 წლის შემდეგ ასტრონომიული სიჩქარით ვითარდებოდა, საერთოდ არ გაქრეს,“ - აცხადებს თამუნა გოგოლაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ყოველწლიურად ზოგიერთი ონლაინ მაღაზიის ზრდა 30-50%-მდე იყო, ზოგის - უფრო მაღალი, თუმცა, განსაკუთრებით ბოლო 1 წლის განმავლობაში ბევრი ონლაინ მაღაზია დახურვის პირას არის, ბევრმა თანამშრომლები გაუშვა და რესურსები გაანახევრა.

„ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს არის გლობალური საკითხი, რომელიც ძალიან ბევრი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა მათგანი მსჯელობს, როგორ დაეხმარონ სექტორს. საუბარი არ არის მხოლოდ ელექტრონულ კომერციაზე, პრობლემაა ისიც, რომ ძალიან ბევრი ადგილობრივი მწარმოებელიც ვერ გაუწევს კონკურენციას იმ პროდუქციასა და ფასს, რაც საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებს აქვთ“, - ამბობს თამუნა გოგოლაშვილი.