„ქართული ოცნებიდან“ პარლამენტში შესულმა, ახლა კი „ხალხის ძალის“ წევრმა, ბიზნესმენმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პოსტ ტვ“-ის 52% 1000 ლარად გაყიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უკვე წარდგენილია.

„პოსტ ტვ“-ის საკონტროლო პაკეტის ახალი მფლობელი გიორგი შენგელიაა, რომელიც ამ დრომდე, ტელევიზიაში, ვიქტორ ჯაფარიძის წილის მმართველი იყო.

„პოსტ TV“-ის 24% თემურ ჭარელაშვილს, 24% კი შალვა რამიშვილს ეკუთვნის.

შეგახსენებთ, 2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა POSTV-სა და „იმედს“. ბრიტანული მხარის განმარტებით, ტელეარხები უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვან ინფორმაციას ავრცელებენ. შეზღუდვები ითვალისწინებს აქტივების გაყინვასა და მართვასთან დაკავშირებულ აკრძალვებს.

სანქციების გამოცხადებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე ჯაფარიძემ POSTV-ში თავისი წილის მართვა ზაზა მარიდაშვილს გადააბარა. 2026 წლის სექტემბერში კი საჯარო რეესტრში წილის მმართველად გიორგი შენგელია დარეგისტრირდა. ჯაფარიძე წილის მფლობელად ამ დრომდე რჩებოდა.

მანამდე, 2024 წლის დეკემბერში უკრაინამ ვიქტორ ჯაფარიძეს სანქციები დაუწესა, ლიეტუვამ კი იმავე წლის დეკემბერში — მაგნიტსკის ტიპის სასანქციო სიაში შეიყვანა. თავად ჯაფარიძე აცხადებს, რომ სანქციები უსამართლოა.