არ მგონია, რომ საქართველოს ან შავი ზღვის საკითხებზე სიღრმისეული დისკუსიები გვქონდეს, თუმცა, როგორც იცით, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ეს თემები მაინც წამოიჭრება, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ევროპული საბჭოს სამიტამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა კონკურენტუნარიანობა, ენერგეტიკა, ეკონომიკური დისბალანსი, უკრაინის მხარდაჭერა, ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაცია. კალასის თქმით, ექნებათ საუბარი ევროკავშირის გაფართოების საკითხთან დაკავშირებითაც.

„დღეს საღამოს გაფართოების საკითხზე დისკუსია გვექნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაფართოების პროცესი ორმხრივ ურთიერთობებზე არ დავიყვანოთ. ვგულისხმობ იმას, რომ თუ გაფართოების პროცესს მთლიანობაში შევხედავთ, ევროპა ძალიან პატარა კონტინენტია. რეალურად, ჩვენ გვჭირდება, რომ ევროპაში მდებარე ქვეყნებთან ერთად უფრო ძლიერები ვიყოთ. ორშაბათს საგარეო საქმეთა მინისტრებთანაც გვქონდა დისკუსია გაფართოების უსაფრთხოების ასპექტებზე და იმაზე, თუ რა წვლილის შეტანა შეუძლიათ ამ ქვეყნებს ევროკავშირის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში გაწევრიანების შემდეგ. ამიტომ ველოდები, რომ დღეს ამ საკითხზეც საფუძვლიანი დისკუსია გაიმართება, კერძოდ, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ჩვენი მხრიდან”, - აღნიშნა კალასმა.

კითხვაზე, განიხილავენ თუ არა საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უპასუხა:

„არ მგონია, რომ საქართველოს ან შავი ზღვის საკითხებზე სიღრმისეული დისკუსიები გვქონდეს, თუმცა, როგორც იცით, უსაფრთხოების საკითხების კონტექსტში ეს თემები მაინც წამოიჭრება. მაგრამ, დიახ, ძალიან ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც შეშფოთებას იწვევს”.

ipn.ge