„თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიხედვით, დეკემბერში 1 კვ.მ-ის საშუალო გასაქირავებელი თანხა 11.1 დოლარს შეადგენდა, რაც წლის ჭრილში ფასების 10%-იანი კლებაა. საანგარიშო პერიოდში საშუალო გასაქირავებელი ფასი კი  1 223 დოლარი იყო. 

ქირის ფასისგან განსხვავებით, უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც  გაზრდილია გასაყიდი ბინების ფასი. 2024 წლის დეკემბერში თბილისში 3940 გაიყიდა, ფასების საშუალო ზრდა 1%-ია.

,,რემაქს კაპიტალის” დამფუძნებლის მარიამ ასათიანის შეფასებით, ქირის გასაქირავებელი თანხის კლება VIP კატეგორიის ბინებს არ შეხებია. როგორც ასათიანი „კომერსანტთან“ ამბობს, მაღალი კატეგორიის გასაყიდ ბინებზე ტრადიციულად დიდი დეფიციტია და შესაბამისად ფასის კლება, ჯერჯერობით არც გასაყიდ ბინებზე ასახულა.

„ეს სტატისტიკა ალბათ, ინდივიდუალურია და სხვადასხვა სეგმენტს შეეხება, ჩვენს სეგმენტში ჯერჯერობით, ფასის კლებას ვერ ვამჩნევთ, თუმცა გარკვეული შეჩერების პერიოდი, მოთხოვნის ნაკლებობა, ბაზარზე გვაქვს. ეს ძირითადად უცხოელების და ბიზნესის წარმომადგენლების დაინტერესებას ეხება, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იანვარი ამ ბიზნესში აქტიური პერიოდი ისედაც არ არის.

ჩვენი შეფასებით, გაქირავებული ბინების რაოდენობა საკმაოდ მაღალია, ბაზარზე თავისუფალი ბინების რაოდენობა საკმაოდ ცოტაა, საკმაოდ ძნელი მოსაძებნია.

მოთხოვნა შემცირებული არც გაყიდვების მხრივ არის, იმ სეგმენტზე, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, ვგულისხმობ, ქალაქის ცენტრს და VIP კატეგორიის ბინებს. ამ მხრივ, გასაყიდი ბინების დეფიციტი ისევ არის. მოთხოვნა დაახლოებით იგივეა, რაც გასული წლის ანალოგიურ დროს იყო, ვერ ვიტყვი, რომ ჯერჯერობით, შემცირებას ვხედავთ. VIP ბინები ისედაც ძალიან ცოტაა და რთულად მოსაძებნი“,- აღნიშნა მარიამ ასათიანმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.