უძრავი ქონების ბაზრის წარმომადგენლების დიდ ნაწილს მიმდინარე წელს ფასების კლების მოლოდინი არ აქვთ. როგორც  RE/MAX Capital-ის დამფუძნებელი მარიამ ასათიანი ამბობს, მიმდინარე წელს უძრავი ქონების ბაზარზე ფასების კლებას არ ელის, რადგან მოთხოვნა კვლავ მაღალი რჩება.

ფასები ინარჩუნებს იმ მომატებულ ნიშნულს, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში სახეზე გვქონდა. ამის მიუხედავად, ბაზარი აქტიურია როგორც საინვესტიციო, ასევე საცხოვრებელი მიმართულებით. გარდა ამისა, უძრავ ქონებაზე ფასების კლების მოლოდინი არ გვაქვს. ვიცი, რომ ბევრი ელოდება ამ სიტყვებს უძრავი ქონების სპეციალისტებისგან, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. ვფიქრობ, რომ ფასების მხრივ ეს წელი სტაბილური იქნება“,- ამბობს მარიამ ასათიანმა.

მისივე თქმით, ქართული უძრავი ქონების ბაზარი მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისთვისაც. ქვეყანაში როგორც საოფისე, ისე საცხოვრებელ ფართებს ძირითადად  მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები ყიდულობენ, თუმცა ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ინტერესია ისრაელიდან.

„რაც ჩვენს გარშემო ხდება პოლიტიკურად, ეს როგორც წესი ტურიზმის სექტორს აზიანებს, მაგრამ უძრავი ქონების სექტორს პირიქით, აქტიურს ხდის. შესაბამისად, ჩვენს გარშემო რეგიონიდან უძრავი ქონების საინვესტიციო პროექტებზე ძალიან მაღალია ინტერესი. რასაკვირველია, ძალიან პოზიტიურად მოქმედებს, რომ მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რაც კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას სძენს ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციის გაკეთებას. ამის გარდა, ბინის შეძენის, სტაბილურად დასაყრდენის თვალსაზრისით უყურებენ ჩვენს ბაზარს. ამიტომ, გვაქვს მომართვიანობა ისრაელის ინვესტორებისგანაც და კერძო მოქალაქეებისგანაც. ისრაელიდან ადრეც იყო მოთხოვნა ამ მიმართულებით და ახლა კიდევ უფრო იზრდება. აზერბაიჯანიდანაც დიდია მოთხოვნა, სომხეთიდან არის მოთხოვნა. ჩვენ ყოველთვის გვქონდა საკმაოდ კარგი ინტერესი, არა მხოლოდ ჩვენი რეგიონიდან, ევროპიდან, ამერიკიდან და კანადიდანაც კი“, - ამბობს მარიამ ასათიანი.