„უძრავი ქონების სექტორში მოგების მარჟა თბილისის შემთხვევაში 25%, აჭარაში შედარებით მაღალია“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში საუბრისას “იბერკომპანი ჰოლდინგის" დირექტორმა, ლევან დიასამიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი მოგების მარჟა სექტორში დიდხანს ვერ შენარჩუნდება, თუმცა უძრავი ქონების სექტორი ჯერჯერობით გადახურებული არ არის.
„ძალიან მაღალი ბარიერებია ამ ბიზნესში შესვლის, ბევრი ვერ შევა. საკმაოდ კაპიტალტევადია ეს დარგი. ამასთან, მარჟიანობა ჯერჯერობით არის შენარჩუნებული. თუმცა, ამხელა მოგების მარჟა ვერ იქნება დიდხანს, ჯერ ერთი - რეგულაციების გამო ძვირდება მშენებლობა. ასევე, კონკურენცია გაწვება და იძულებული ხარ, ფასები შეამცირო. შედეგად, მარჟაც მცირდება. თუმცა, როდესაც ვმსჯელობთ გადახურებულია თუ არა უძრავი ქონების ბაზარი - ჯერჯერობით არა. რადგან ბაზარი გვაძლევს შესაძლებლობას, ფასები გავზარდოთ და მარჟები შევინარჩუნოთ.“-აღნიშნა ლევან დიასამიძემ.
მისივე თქმით, უძრავ ქონებაზე ფასები წელს კიდევ 2-5%-ის ფარგლებში გაიზრდება.
„წლის განმავლობაში, 2-5%-ის ფარგლებში გაიზრდება ფასი . ეს გაგრძელდება მომდევნო წელსაც, რადგან ირგვლივ რომ მიმოვიხედოთ, ვხედავთ თუ როგორ ძვირდება ნავთობი. ჩვენ ვიცით, რომ 40% ნავთობპროდუქტების ხარჯებია სამშენებლო სექტორისთვის. შესაბამისად, სამშენებლო პროდუქტების ლოგისტიკა ძვირდება. ეს ფასშიც აისახება,"-აღნიშნა ლევან დიასამიძემ.