ICT ასოციაციაში ამბობენ, რომ IT სექტორისთვის გამოწვევა აღმოჩნდა 1 მარტიდან ამოქმედებული ცვლილებები, რომლის თანახმად, საქართველოში უცხოელების დასაქმება გართულდა.
როგორც BMG-სთან ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, ახალი კანონით შრომითი საქმიანობის უფლების მიღებასთან ერთად, საქართველოში მყოფი IT სპეციალისტებისთვის ბინადრობის ნებართვის აღებაც სავალდებულო გახდა.
თორნიკე სულაბერიძე ამბობს, რომ ერთი მხრივ, შრომითი საქმიანობის უფლების მიღების ვალდებულება უცხოელი სპეციალისტების დასაქმებას დროში წელავს. მეორე მხრივ, კი მისი თქმით, არსებული ბიუროკრატიული პროცესების გამო, IT ბინადრობის ნებართვის აღება საკმაოდ რთულია. თორნიკე სულაბერიძე ამბობს, რომ თუკი ეს პროცედურები არ გამარტივდება, საქართველოს ბევრი უცხოელი IT სპეციალისტი დატოვებს, შედეგად კი დარგის ზრდის ტემპიც შეფერხდება.
ასოციაციაში ამბობენ, რომ უკვე შეინიშნება კომპანიების მხრიდან ახალი სპეციალისტების აყვანისგან თავშეკავება.
“ზოგადად ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა სხვა ქვეყნებთან შედარებით იყო ის, რომ ჩვენ ვიყავით „სწრაფი დამსაქმებლები“. ის, რომ მაგალითად უცხოეთიდან რელოკაცია მომხდარიყო, ამ ადამიანის ბაზარზე ჩართვა ხდებოდა დღეებში. არაფერი დამატებითი ნებართვა არ სჭირდებოდა, ბინადრობის უფლებაც არ იყო საჭირო.
მას შემდეგ, რაც შრომითი საქმიანობის უფლების მიღება გახდა სავალდებულო, გაიზარდა დასაქმების დრო და პერიოდი. თუ აქამდე ჩვენ გვჭირდებოდა მხოლოდ შიდა დრო იმისათვის, რომ ვინმე დაგვექირავებინა, ამას ახლა მინიმუმ 10 დღე სჭირდება დაჩქარებული გზით, რომ ადამიანმა მიიღოს შრომითი ნებართვა. თუ ჩვეულებრივი გზით წავალთ, ეს 30 დღემდე არის.
ამასთან, ახალი კანონმდებლობით უცხოელი, რომელიც საქართველოში დასაქმდება, ვალდებულია ასევე მიიღოს ბინადრობის ნებართვა, იქნება ჩვეულებრივი ბინადრობა თუ IT ბინადრობა. ეს ერთობლიობაში ნიშნავს იმას, რომ ყველაზე კარგ და სწრაფ შემთხვევაში, მინიმუმ 20 დღე სჭირდება, 10 დღე შრომითი ნებართვისთვის, 10 დღე ბინადრობის ნებართვისთვის. ყველაზე ცუდ შემთხვევაში ეს შეიძლება 4 თვემდეც გაიზარდოს.
ჩვენს სექტორში ეს წარმოუდგენელია. ადამიანი ამდენი ხანი ვერ დაგელოდება რომ მიიღოს შრომითი ნებართვა. გარდა ამისა, ბიუროკრატიული პრობლემების გამო, ადამიანები IT ბინადრობის ნებართვის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ.
თუ ეს კიდევ დიდი ხანი გაგრძელდება, ის ზრდა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და მიღწევები, უბრალოდ შენელდება. უკვე ცალსახად თვალსაჩინოა, რომ ბევრი კომპანია იმაზე ნაკლებ ადამიანს ასაქმებს და იმაზე ნაკლები ადამიანი აჰყავს სამსახურში, ვიდრე გასულ წლებში, იმიტომ რომ დაემატათ ბიუროკრატიული პროცესები. ასევე უცხოელებშიც, ვინც უკვე არიან დასაქმებული საქართველოში, მათთვის არ არის გამჭვირვალე გარემო. ისინი ვერ ხედავენ თავიანთ თავს გრძელვადიანად საქართველოში, გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ იციან მიიღებენ, თუ არა ამ უფლებას და ამიტომ ეძებენ სხვა ადგილებს, სადაც უფრო მოქნილია შრომითი ბაზარი", - განაცხადა თორნიკე სულაბერიძემ.
მისივე თქმით, როდესაც კანონი ამოქმედდა, თავდაპირველად პროცედურულადაც დიდი დაბრკოლებები იყო, ვინაიდან პლატფორმა არ იყო გამართული ტექნიკურად. "დღეს უკვე გამოსწორდა ერთი თვის თავზე. ჩვენ ამაზე კომუნიკაცია გვქონდა სხვადასხვა უწყებებთან, წერილიც გავაგზავნეთ, სადაც ის პრობლემები აღვწერეთ, რაც გვაწუხებდა.
თუ ეს ასე გაგრძელდა, აღარ ვისაუბრებთ უკვე მილიარდდოლარიან ექსპორტზე, არამედ შეიძლება რადიკალურად შემცირდეს ეს ციფრები 2026 წელს. თუმცა მე მაინც ვიმედოვნებ, რომ გამოსწორდება ტექნიკური ხარვეზები და ბიუროკრატიულ დაბრკოლებებსაც გადახედავენ, რადგან სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანები ვერ ახერხებენ ბინადრობის ნებართვის აღებას, რადგან ისეთი დოკუმენტაციაა მოთხოვნილი, რისი დაკმაყოფილებაც მათ არ შეუძლიათ.
მაგალითისთვის, როდესაც საუბარია გამოცდილების ორწლიან მტკიცებულებაზე, მოთხოვნილი არის დამსაქმებლის მხრიდან კონტრაქტი ან ცნობა, რომელიც უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული. მოგეხსენებათ, აქ ორი მიმართულებაა - ადამიანები, ვინც საერთაშორისო კომპანიებში მუშაობენ, დაახლოებით 10 000 ადამიანი და 25 000-მდე უცხოელი, რომელიც ინდმეწარმედ არის საქართველოში რეგისტრირებული.
ვინც ინდმეწარმეა, მისი კონტრაქტი არის უცხოურ შპს-სთან. ისინი უნდა წავიდნენ უცხოეთში, იმ კომპანიის დირექტორთან ერთად უნდა მივიდნენ ნოტარიუსთან და ეს ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს აპოსტილით. ერთი რომ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მეორე — ხშირ შემთხვევაში წარმოუდგენელია, რომ აქ რომელიმე “ფრილანსერის” გამო ევროპული დიდი კომპანიის დირექტორი ან წარმომადგენელი ადგეს და წავიდეს ნოტარიუსთან ამ დოკუმენტის მოსაგვარებლად”, - განაცხადა თორნიკე სულაბერიძემ.