Gtex-ის დამფუძნებლის განცხადებით, კომპანიას წელს გაყიდვების 7%-იანი ზრდა აქვთ. როგორც Gtex-ის დამფუძნებელმა გიორგი ბასილაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, გაყიდვებში მნიშვნელოვანი წილი ტურისტებს უკავშირდება.
“წელს გაყიდვების ზრდა გვაქვს დაახლოებით 7%-ის ფარგლებში. ძირითადი წილი ტურისტებზე არის. უფრო მნიშვნელოვანი ზრდა იყო ბათუმში, ვიდრე თბილისში. ზოგადად, ფასები ოდნავ გაზრდილია, რაც საწვავის ზრდას და სუეცის არხის დაკეტვას უკავშირდება”,-განაცხადა გიორგი ბასილაძემ.
კომპანიის გეგმებზე საუბრისას მან განმარტა, რომ მსოფლიოში ცნობილი იაპონური საცალო ქსელი Daiso (დაისო) ქართულ ბაზარზე შემოსვლას გეგმავს. მისი თქმით, Daiso-ს ფილიალი გლდანის “სითი მოლში”, თბილისი ცენტრალში და კიდევ სხვა ადგილებში გაიხსნება.
ამასთან, გიორგი ბასილაძემ განაცხადა, რომ წამყვანი იტალიური ტანსაცმლის ბრენდის OVS-ის საბურთალოს "სითი მოლის" ფილიალი არარასასურველი ადგილმდებარეობის გამო დროებით დაიხურა.
„ბაზრიდან არ გავდივართ. საბურთალოს „სითი მოლში“ ის ადგილი, რომელიც OVS-სთვის იყო განკუთვნილი, არ იყო შესაბამისი. თავიდანვე გაცხადებული იყო, რომ სავაჭრო ცენტრ „სითი მოლის“ გაფართოება 2022 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა არ გაფართოვდა და რამდენიმე წლით გადაიდო. ჩვენ დავრჩით ჩიხში, იმიტომ, რომ არასასურველი ადგილმდებარეობაა. იმის გათვალისწინებით, რომ არასწორ ადგილას არის, იქ ობიექტს დროებით ვკეტავთ. OVS-ის სხვა ობიექტები ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას“, - განაცხადა გიორგი ბასილაძემ.
რაც შეეხება „გალერია თბილისს“, გიორგი ბასილაძემ განმარტა, რომ იქ არსებული ფილიალი სავაჭრო ცენტრის მიერ მაღალ სეგმენტზე გაკეთებული აქცენტის გამო დაიხურა.
„გალერია თბილისში" ჩვენ 7 წელი ვიყავით. სავაჭრო ცენტრმა უფრო მაღალი სეგმენტის ბრენდებზე აიღო ორიენტაცია, ჩვენი ხელშეკრულება ამოიწურა და, შესაბამისად, იქ აღარ გავჩერდით“, - განაცხადა გიორგი ბასილაძემ.
მისი თქმით, ამ დროისთვის OVS-ს 5 ფილიალი აქვს, მათ შორის „თბილისი მოლში“, „ისთ ფოინთში“, პეკინის ქუჩაზე და ბათუმში.
როგორც გიორგი ბასილაძემ განმარტა, სავაჭრო ობიექტების აქტივობაში კლება არ აქვთ.
„გუშინ რუსთავი მოლში გავხსენით Kiabi-ს მორიგი ფილიალი. უახლოეს მომავალში ვაპირებთ, რომ კიდევ გავხსნათ Kiabi-ის ორი ფილიალი. “, - განაცხადა გიორგი ბასილაძემ.
მან გამოწვევებზეც ისაუბრა და ერთ-ერთ პრობლემად ონლაინ გაყიდვები და კადრების დეფიციტი დაასახელა.
„არის ფასთა შორის სხვაობები, რის გამოც მომხმარებლები საზღვარგარეთიდან იწერენ. ეს გარკვეულწილად მნიშვნელოვანი პრობლემა არის. არათანაბარ პირობებში არიან ქართული და უცხოური კომპანიები, იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერი პროდუქცია ლარით დღგ-თი იბეგრება, ხოლო საზღვარგარეთიდან გამოწერილი პროდუქცია 300 ლარამდე არ იბეგრება. ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა ზოგადად კომპანიებისთვის და ასევე ქვეყნისთვისაც, რადგან სამუშაო ადგილებიც იკარგება“, - განაცხადა გიორგი ბასილაძემ.
შეგახსენებთ, კომპანია Gtex-ი საქართველოს ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. პირველი ბრენდი, რომელიც კომპანიამ საქართველოში შემოიყვანა Collezione იყო. ამჟამად, Gtex-ი წარმოდგენილია ბრენდებით: OVS, Terranova, Penti, English Home, Enza Home, Mattalan-ი. კომპანიას საქართველოს მასშტაბით 30-ზე მეტი ობიექტი აქვს.