მოხარული ვარ, გაგიზიაროთ „ტრამპთაუერ თბილისის“ ოფიციალური ესკიზი, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შვილი და The Trump Organization-ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტი ერიკ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, სადაც „ტრამპთაუერ თბილისის“ ესკიზის ფოტოს ავრცელებს.

„შესანიშნავი ლოკაციით, თბილისის გულში, ეს კოშკი მალე იქცევა ღირსშესანიშნაობად, როგორც საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა. ეს ჩვენი პირველი პროექტია ამ რეგიონში და ძალიან მოხარულები ვართ, რომ მას განვახორციელებთ!“ – წერს ერიკ ტრამპი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოჯახის უძრავი ქონების კომპანია საქართველოს დედაქალაქში „ტრამპთაუერ თბილისის“ მშენებლობას ადგილობრივ პარტნიორებთან, „Blox Group“, „Archi Group“ და „Biograpi Living“-თან ერთად გეგმავს.

„ტრამპთაუერ თბილისი“ 70-სართულიანი იქნება და საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა გახდება. პროექტის საერთო ინვესტიცია დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კომპლექსი „თბილისი დაუნთაუნი“ ექვსი შენობისგან შედგება, რომლის ცენტრალური ნაწილია „ტრამპთაუერ თბილისი“. პროექტი დედაქალაქის ცენტრში აშენდება და დაახლოებით 600 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. ის გააერთიანებს  ბიზნესცენტრს, სასტუმროს, სავაჭრო და გასართობ ობიექტებს. პროექტს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი არქიტექტურული კომპანია Gensler-ი ახორციელებს.