2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, სოფელ ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მოსამზადებელ სამუშაოებზე 2025 წელს 20 მილიონი ლარი დაიხარჯება. დოკუმენტის თანახმად, 2025-2028 წლებში ვაზიანის აეროპორტის მშენებლობაზე მთავრობა ყოველწლიურად 100-100 მილიონ ლარს დახარჯავს.

ირკვევა, რომ ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრების მიღება 2029 წლიდან უნდა დაიწყოს. პირველ წლებში გამტარიანობა 10 მილიონი კაცი იქნება,  ხოლო საბოლოოდ აეროპორტის წლიური გამტარიანობა 20 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება.

ამჟამად თბილისის სიახლოვეს ერთადერთ საერთაშორისო აეროპორტს კომპანია „ტავ ჯორჯია“ ფლობს, რომელიც ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მმართველია.

მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, თბილისიდან 180 კილომეტრის რადიუსში საქართველოს ახალი აეროპორტის აშენება არ შეუძლია. აღნიშნულ ხელშეკრულებას ვადა 2027 წელს გადის, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა კი 2028 წელს უნდა დასრულდეს. 

საავიაციო ექსპერტი, იასე ზაუტაშვილი ახალი აეროპორტის მშენებლობას მიესალმება. როგორც ის „კომერსანტთან“ ამბობს, საქართველოს მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, შეუძლია ევროპისა და აზიის სატრანზიტო ჰაბი გახდეს, რა ფუნქციაც ახლა თურქეთსა და გერმანიას აქვს ათვისებული.

„რა საკვირველია, ინიციატივა ძალიან კარგია, ამას მივესალმები. ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს ახალი, დახვეწილი და საერთაშორისო სტანდარტების აეროპორტი, რომელიც გაცილებით მეტ მგზავრს მოემსახურება ვიდრე ახლა.

7 მილიონ 400 ათასი მგზავრი როცა დაფიქსირდა 2024 წელს, ეს უკვე იმის მაჩვენებელია, რომ ამ რიცხვს ზრდა კიდევ ექნება.

თუ  „ტავის“ ხელშეკრულებას გავიხსენებთ, რომელიც აბსოლუტურად კაბალურია, ჩვენ შვიდი-ათი წლით დაგვისამარეს ჰაბის ფუნქცია, რადგანაც ააშენეს იმ ტიპის აეროპორტი, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და არანაირ სტანდარტებს არ ეპასუხება. ფაქტობრივად, მგზავრთა ნაკადმა, რომელსაც ტრანსფერით შეეძლო საქართველოს გავლით ემოძრავა, ევროპასა თუ აზიაშია, თითქმის 70%-ით  თურქეთისა და მიუნხენის გადაინაცვლა. გეოპოლიტიკურად საქართველო ისეთ ლოკაციაზე მდებარეობს, რომელიც ყველაზე ხელსაყრელ ტრანზიტულ ზონას წარმოადგენს.

როგორც ვიცი, ვაზიანის აეროპორტის ლოკაციული შესწავლა დასრულდა.

„ტავ ჯორჯიასთან" გაფორმებული კაბალური ხელშეკრულებით, ჩვენთვის თბილისის აეროპორტიდან 180 კილომეტრის რადიუსში აეროპორტის მშენებლობა აკრძალული იყო.  ვინც ამაზე ხელი მოაწერა საქართველოს მხრიდან, ის ქვეყნის პირველი მტერია, ვინც მეორედ მოაწერა ხელი, იმან კი გაიმეორა ის შეცდომა, რაც თავის დროზე “ტავის“ შემოყვანის დროს დაუშვეს. არ შეიძლება ვიღაცამ შეგიზღუდოს ქვეყანაში იმ დარგის განვითარება, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ბიუჯეტის მესამედს გივსებს“,- აღნიშნა ზაუტაშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია, ვის მმართველობაში გადავა ახალი აეროპორტი. ჩვენ საავიაციო ექსპერტს ვკითხეთ, არის თუ არა შესაძლებელი, ვაზიანის აეროპორტიც იმავე მმართველებს გადაეცეს, რომელიც ბათუმისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებს წლებია მართავს.

ზაუტაშვილი ამის კატეგორიული წინააღმდეგია, მისი აზრით, „ტავის“ მმართველობა ქართულ ავიაციაში უნდა დასრულდეს, რადგან კომპანია ვერც ერთ საერთაშორისო სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.

„ახლა პროექტის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, უკვე გამოცხადდა ტენდერი დიზაინზე. მსურველი ძალიან ბევრი იქნება ევროპიდან, შეიძლება ამერიკადანაც. აეროპორტი და ეს ინდუსტრია, საკმაოდ მოგებიანია.

„ტავურბანი“ დღევანდელი თბილისის და ბათუმის აეროპორტი მინიმუმ $200 მილიონ შემოსავალს აძლევს კომპანიას, საიდანაც ჩვენ არაფერი არ გვრჩება. რასაკვირველია, მათ ბაზარზე დარჩენის სურვილი ექნებათ. ფრანგული კონსორციუმის წევრი იქნებიან თუ არა, ეს არის ის კომპანია, რომელმაც თავისი თავი უკვე დაგვანახვა ბოლო 10 წლის განმავლობაში, როგორც ძალიან უხარისხო და უშედეგო კომპანიამ, რომელიც ვერანაირ მოთხოვნილებებს ვერ ეპასუხება.

200 ათასი მგზავრიდან 4 მილიონზე ავიდა და არაფერი გააკეთა რომ ტრანზიტული დერეფანი მაინც გაეკეთებინათ. კაცს რომ უნდოდეს, საქართველოში ჩამოფრენა და ერთი ღამით დარჩენა, ამის საშუალებაც კი არ არის. 3-4 რეისი ერთად თუ მოფრინდა, რიგები დგას, ზოგი მგზავრი ესკალატორის ქვეშ წევს და სველი წერტილებიც საშინელ მდგომარეობაშია. როგორ შეიძლება, ახალი აეროპორტი მივანდოთ ისეთ კომპანიას, როგორიც „ტავია“.

ამ სფეროში უპირატესი ფუნქცია სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს, თავად უნდა გახდეს ერთ-ერთი აქციონერი ამ ახალი აეროპორტის, რათა ასაფრენი ბილიკიდან და აეროდრომიდან მიღებული შემოსავალი ძირითადად სახელმწიფოს მხრიდან კონტროლდებოდეს და ქვეყანას შემოსავალი დარჩეს.

კარგად იცით, როგორი აეროპორტები აქვს მეზობელ ქვეყნებს, ჩვენსას სომხეთის აეროპორტიც კი ბევრად სჯობს, ამიტომ ჭკუა უნდა ვიხმაროთ და „ტავის“ დარჩენა არ დავუშვათ“,- აღნიშნა იასე ზაუტაშვილმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.