„ჯეინის თოჯინები“ 7 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს და აწარმოებს ხელნაკეთ, ნაქსოვ სათამაშოებს, რომელთა ღირებულებაც 60 ლარიდან 350 ლარამდე მერყეობს. ამჟამად, ბრენდის ქვეშ გაერთიანებულია სათამაშოების 100-ზე მეტი მოდელი. 

კომპანიის დამფუძნებლის, ჯეინ გომურაშვილის თქმით, თავდაპირველად სათამაშო შვილისთვის მოქსოვა. თოჯინების რეალიზაცია და მით უმეტეს, შემოსავლის მთავარ წყაროდ ქცევა, გეგმაში არ ჰქონდა.

„ჯეინის თოჯინები“ და ჩემი პირველი შვილი ზუსტად ტოლები არიან. სამსახურიდან დეკრეტული შვებულების აღების შემდეგ, ბავშვის გაჩენამდე 3 კვირა იყო დარჩენილი, როცა გადავწყვიტე ბავშვისთვის რამე მომექსოვა.  გადავხედე ინტერნეტსივრცეს, უცხოურ პლატფორმებს და აღმოვაჩინე ნაქსოვი, ხელნაკეთი სათამაშოები. მანამდე ქართულ ბაზარზე მსგავსი რამ არ არსებობდა. (ნანახიც არ მქონდა, უმარტივესს თუ არ ჩავთვლით)

თავიდან ვიფიქრე, მხოლოდ შვილისთვის გამეკეთებინა. თოჯინების რეალიზაცია და მით უმეტეს, შემოსავლის მთავარ წყაროდ ქცევა, გეგმაში არ მქონდა. მაგრამ, რომ გამომივიდა და ყველას ძალიან მოეწონა, ვიფიქრე თავისუფალ დროს გასაყიდადაც გამეკეთებინა (თან, 6 თვე სახლში მიწევდა ყოფნა)“.

როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ, რაც სამსახურიდან წამოვიდა და ბოლომდე ამ საქმიანობით დაკავდა, შეკვეთების რაოდენობა გაათმაგდა, რისთვისაც მზად არ იყო.

„ერთი წლის წინ, მივიღე გადაწყვეტილება, სამსახური დამეტოვებინა და მთლიანად ამ საქმით დავკავებულიყავი.  

მოთხოვნის ზრდას ველოდი, მაგრამ ამ ოდენობით არა. გათვლილი არ მქონდა, რომ უცებ ასე გავიზრდებოდი. მაქსიმუმ შეკვეთების გასამმაგებას ველოდი, მაგრამ ფაქტობრივად გაათმაგდა. შესაბამისად, დღის წესრიგშიც უცებ დადგა გაფართოების თემა. ვფიქრობ, რომ წლის ბოლოსთვის ან ოფისი შევიძინო, ან ვიქირავო“.

ჯეინ გომურაშვილის თქმით, თვეში 10-15 სათამაშოს დამზადებაა შესაძლებელი. მათი ღირებულება კი 60 ლარიდან 350 ლარამდე მერყეობს. 

„თვეში შემიძლია 10-15 სათამაშოს დამზადება. მეტს ფიზიკურად ვერ ვახერხებ. სათამაშოების შექმნას საშუალოდ 2-3 დღე სჭირდება,  თოჯინებისას კი - 1 კვირა (იმაზეცაა დამოკიდებული, რომელ თოჯინას რა აქსესუარი მიჰყვება)

სათამაშოების ფასები ინდივიდუალურია, საშუალოდ - ცხოველების ფასი 60-120 ლარის ფარგლებშია. ხოლო თოჯინების (გოგოები) 180-დან 350-მდე მერყეობს. ამ ეტაპზე, სათამაშოების 100-მდე მოდელი მაქვს შექმნილი“.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა აღნიშნა, სათამაშოების შექმნის გარდა, ატარებს შემსწავლელ კურსებს, სადაც მოსწავლეები სათამაშოების დამზადებას სწავლობენ. შემსწავლელ კურსებზე მოხვედრის მსურველთა რაოდენობაც გაოთხმაგდა.

„ასევე, ვასწავლი სათამაშოების შექმნას. წელიწადში ვუშვებ 2 ნაკადს (მარტში და სექტემბერში). დავიწყე სამი წლის წინ.

თავიდან, თითო ნაკადზე ვიღებდი 10-15 მოსწავლეს. ახლა, მარტის ნაკადზე მიღება რომ გამოვაცხადე, 60 მოსწავლე ჩაეწერა (სამ წელში რამდენი მოსწავლეც მყავდა, მაგდენი ერთ ნაკადზე მოვიდა). 

ძალიან ბევრი ემიგრანტიც მყავს კურსებზე. ამ მოსწავლეებს რომ გამოვზრდი და მეცოდინება, რომ მათ იციან ყველაფერი (ტექნიკა, მასალების სწორად შერჩევა- გამოყენება) შემდეგ უკვე მათ დავასაქმებ“.

„ჯეინის თოჯინები“ Etsy-ის პლატფორმაზეც გავიდა და სათამაშოებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გზავნის.

„სათამაშოების რეალიზაცია ონლაინ ხდება, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. უცხოელებთან საურთიერთოდ ვიყენებ პლატფორმა Etsy-ის, რომელზეც მხოლოდ ხელნაკეთი ნივთები იყიდება. ძალიან ბევრ ქვეყანაში გავაგზავნე სათამაშოები, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაშიც კი“.

მისი თქმით, იგეგმება სახელოსნოს გახსნა და თანამშრომლების აყვანა.

„ამჟამად, ვეძებ ფართს, სადაც სახელოსნოს გავხსნი და მოვაწყობ შოურუმსაც. სახელოსნოს გახსნის შემდეგ, საწყის ეტაპზე, დაახლოებით 5-მდე კადრი დამჭირდება.   

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სახელოსნოს გახსნის გარდა, ვაპირებ შემსწავლელი კურსების დამატებას ბავშვებისთვისაც.  აქამდე კურსებს, რომელსაც ზრდასრულებს ვუტარებდი, ონლაინ მიმდინარეობდა. სახელოსნოს გახსნის შემდეგ კი, როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშვებისთვის, კურსები ადგილზევე ჩატარდება“.