საქართველოში გემთმშენებლობის აღორძინება შესაძლებელია და რეალისტური სცენარი შესაძლოა მცირე და საშუალო ზომის ხომალდების წარმოებიდან დაიწყოს — ამის შესახებ ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პორტის მენეჯმენტის სპეციალისტი და შპს „საზღვაო სააგენტო ადმირალის“ თანადამფუძნებელი მერაბ ჩაჩავა აცხადებს.

მისი შეფასებით, საქართველოსთვის მიზანშეწონილი არ იქნება გემთმშენებლობის განვითარება პირდაპირ დიდი სატვირთო გემების, ტანკერებისა და ათიათასობით ტონიანი ხომალდების წარმოებით დაიწყოს. ამის ნაცვლად, პირველ ეტაპზე შესაძლებელია საპორტო და საპატრულო კატარღების, პილოტბოტების, ბუქსირების, სამუშაო ნავების, თევზსაჭერი და ტურისტული გემების, ასევე იახტების წარმოება.

ჩაჩავას თქმით, ეტაპობრივად შესაძლებელია ისეთი საწარმოს შექმნა, რომელიც თავდაპირველად 8-15-მეტრიან საპორტო კატარღებს ააშენებს, შემდეგ კი 15-25-მეტრიან სამუშაო და სამსახურებრივ ხომალდებზე, ბუქსირებსა და სხვა სპეციალიზებულ გემებზე გადავა.

„საქართველოსთვის გაცილებით გონივრული გზა შეიძლება იყოს მცირე და საშუალო ზომის გემების წარმოებიდან დაწყება. სწორედ ასეთი ეტაპობრივი განვითარება შეიძლება გახდეს მომავალში სრულფასოვანი ქართული გემთმშენებლობის ინდუსტრიის საფუძველი“, — ამბობს სპეციალისტი.

მისივე განცხადებით, საქართველოს გემთმშენებლობის ისტორიული გამოცდილებაც აქვს — სხვადასხვა ტიპის გემები ფოთისა და ბათუმის გემთმშენებლობის საწარმოებში იწარმოებოდა.

ჩაჩავა მიიჩნევს, რომ დღეს მთავარი კითხვა არა ის უნდა იყოს, შეუძლია თუ არა საქართველოს დიდი გემის აშენება, არამედ — რომელი ტიპის გემის წარმოება შეუძლია ქვეყანას კონკურენტუნარიანად.

მისი შეფასებით, გემთმშენებლობის განვითარება მხოლოდ ერთი საწარმოს შექმნით არ უნდა შემოიფარგლოს და შესაძლებელია საზღვაო ინდუსტრიული კლასტერის ჩამოყალიბება, რომელიც გემთმშენებლობასთან ერთად გემების შეკეთებას, საზღვაო მომსახურებებსა და შესაბამის მომწოდებლებს გააერთიანებს.

ერთ-ერთ პერსპექტიულ მიმართულებად სპეციალისტი იახტების მშენებლობასაც მიიჩნევს. მისი თქმით, საქართველოს შავი ზღვის სანაპირო და საზღვაო ტურიზმის განვითარების პოტენციალი მცირე ზომის კერძო და კომერციულ ხომალდებზე მოთხოვნის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

ამასთან, გემთმშენებლობის განვითარებას მნიშვნელოვანი გამოწვევებიც ახლავს. მათ შორისაა დაფინანსება, საბრუნავი კაპიტალის საჭიროება, საერთაშორისო სერტიფიცირების მოთხოვნები და გემების მშენებლობისთვის საჭირო კომპონენტების, მათ შორის ძრავებისა და სანავიგაციო სისტემების, იმპორტზე დამოკიდებულება.

„მთავარია, დროთა განმავლობაში გაიზარდოს ადგილობრივი დამატებული ღირებულება“, — აღნიშნავს ჩაჩავა.

მისივე თქმით, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის განვითარების 2023 წლის კონცეფციაში გემთმშენებლობისა და გემების შეკეთების ინდუსტრია, საზღვაო ფინანსირება და საზღვაო კლასტერი ცალკე მიმართულებებად არის განსაზღვრული.

სპეციალისტის შეფასებით, თუ საქართველო ეტაპობრივად შეძლებს პირველი თანამედროვე პილოტბოტის, კომერციული კატარღის, იახტისა და ბუქსირის წარმოებას, ეს შესაძლოა ქვეყანაში გემთმშენებლობის ინდუსტრიის განვითარების საფუძვლად იქცეს.

„შესაძლოა, სწორედ პატარა გემი იყოს ის პირველი ნაბიჯი, რომელიც მომავალში დიდ ქართულ გემთმშენებლობამდე მიგვიყვანს“, — აცხადებს მერაბ ჩაჩავა.

ნახეთ ვრცლად