„შატო მუხრანში“ მომავალი წლის ზაფხულში ვიზიტორთა ცენტრი და მუზეუმი გაიხსნება. სამომავლოდ ტერიტორიაზე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაც იგეგმება.

როგორც „შატო მუხრანის“ სტუმარმასპინძლობის მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი ხარატიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, კომპანია განვითარებას ყოველწლიურად აგრძელებს და ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის ეტაპობრივ განახლებას გეგმავს.

„შატო მუხრანში“ ყოველწლიურად ვვითარდებით. მაგალითად, მომავალი წლის ზაფხულისთვის ახალი ვიზიტორთა ცენტრისა და მუზეუმის გახსნა იგეგმება. "შატო მუხრანის" ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტიც ეტაპობრივად ვითარდება და სამომავლოდ დამატებითი პროექტებიც განხორციელდება“, – განაცხადა გიორგი ხარატიშვილმა.

რაც შეეხება ინვესტიციის მოცულობას, მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია.

გიორგი ხარატიშვილის განცხადებით, „შატო მუხრანში“ ყოველწლიურად ჯამში 300-დან 400-მდე ადამიანია დასაქმებული, მათ შორის არიან როგორც შტატიანი თანამშრომლები, ისე სეზონური მუშაკები და ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.

„მხოლოდ სტუმარმასპინძლობის მიმართულებით ყოველწლიურად 200-მდე ადამიანს ვასაქმებთ, რაც მეღვინეობის მიმართულებას არ მოიცავს. ჯამში, ყოველწლიურად 300-დან 400-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული. ეს რიცხვი მოიცავს როგორც შტატიან თანამშრომლებს, ისე დამატებით სეზონურ მუშაკებსა და ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს“, – აღნიშნა გიორგი ხარატიშვილმა.

რაც შეეხება გამოწვევებს, მისი თქმით, ბოლო წლებში კომპანიაზე მნიშვნელოვანი გავლენა გარე ფაქტორებმა, მათ შორის პანდემიამ და რეგიონში მიმდინარე ომებმა მოახდინა.

„კოვიდპანდემიასა და ჩვენს სამეზობლოში მიმდინარე ომებს ტურისტულ ნაკადებზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა. თუმცა ჩვენი მიზანია, ყოველწლიურად განვვითარდეთ და უფრო კონკურენტუნარიანები გავხდეთ როგორც შეთავაზებებით, ისე მომსახურებისა და საკვების ხარისხით, რათა მზარდ ბაზარზე ჩვენი ნიშა ღირსეულად დავიკავოთ“, – განაცხადა გიორგი ხარატიშვილმა.

შატო მუხრანი (Château Mukhrani) პირველი ქართული შატოa, რომელიც სოფელ მუხრანში მდებარეობს. იგი წარმოადგენს უნიკალურ ისტორიულ მამულს, რომელიც აერთიანებს მე-19 საუკუნის ნეოკლასიკურ სამეფო სასახლეს, ორგანულ ვენახებს, მიწისქვეშა გვირაბებსა და უმაღლესი კლასის თანამედროვე ღვინის ქარხანას. მამულის ისტორია უკავშირდება ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელს, ივანე მუხრანბატონს, რომელმაც 1870-იან წლებში საფრანგეთში მოგზაურობის შემდეგ გადაწყვიტა საქართველოში შატოს კონცეფციისა და ევროპული მეღვინეობის ტრადიციების დანერგვა. 

წყარო: "ბიზნესპარტნიორი"